ლინდა მარია ბაროსი, რუმინული წარმოშობის თანამედროვე ფრანგი პოეტი, მთარგმნელი და ესეისტია. იგი დღევანდელი საფრანგეთის ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ ხმას წარმოადგენს. ლინდა მარია ბაროსმა დაამთავრა ბუქარესტისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტები, დღეს შედარებითი ლიტერატურის დოქტორია. 2014 წლიდან ლინდა მარია ბაროსი არის გიიომ აპოლინერის პრემიის ჟიურის გენერალური მდივანი. იგი არის ასევე საფრანგეთის პენ-კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, მალარმეს აკადემიის წევრი და მალარმეს პრემიის ჟიურის წევრი, საგამომცემლო სახლის „ლა ტრადუკტიერის“ დირექტორი, ხოლო 2024 წლის ივლისიდან გახდა ასოციაცია „პოეტების გაზაფხულის“ მხატვრული ხელმძღვანელი. ლინდა მარია ბაროსის კალამს ეკუთვნის ექვსი ლექსების კრებული, რომლებიც ორმოც ენაზეა თარგმნილი. მისი ლექსები სავსეა მოულოდნელობებით, სადაც ფაქიზი ოცნებები და ბასრი ფრაზებია ერთმანეთს შერწყმული. მისი ერთ-ერთი ლექსი შესულია სასკოლო სახელმძღვანელოში, ხოლო ამონარიდები მისი ლექსებიდან ამშვენებს უამრავ მაისურს, პონჩოს, კაბას, ქოლგას, სკამს, ფეხსაცმელს, შენობების კედლებს, რამდენიმე მათგანზე დაწერილია მუსიკაც.