ბლეზ სანდრარი

ბლეზ სანდრარი

  • 1887-1961

ბლეზ სანდრარდი შვეიცარიელ-ფრანგი მწერლის, ფრედერიკ ლუი სოზერის ლიტერატურული ფსევდონიმია. „ფრედერიკ ლუი სოზერმა მთელი ბავშვობა მოგზაურობაში გაატარა. შვეიცარიის ქალაქ ლა შო-დე-ფონიდან, სადაც 1887 წლის 1 სექტემბერს დაიბადა, პატარ ფრედის - როგორც ახლობლები ეძახდნენ, აღმა-დაღმა დაატარებდნენ მშობლები: მამა, უიღბლო გამომგონებელი, და სუსტი ჯანმრთელობის მქონე დედა. ხან ეგვიპტეში ცხოვრობდა, ხან ნეაპოლში, ხან ბაზელში, შემდეგ გერმანიაში გააგზავნეს პანსიონში. იქიდან გაიქცა, მაგრამ ნევშატელში დაიჭირეს და ძალით შეიყვანეს სავაჭრო სკოლაში. ოღონდ ეს იყო, რომ ლექციებზე დასწრების მაგივრად იალქნიანი ნავით დანავარდობდა ტბაზე, აკრძალულ წიგნებს კითხულობდა და ზოგჯერ უბრალოდ განმარტოვდებოდა ხოლმე. თექვსმეტი წლისაა. ველური, ამბოხი სული უდუღს. ამიტომ, ისევ გარბის, მიატოვებს ოჯახს, სამშობლოს. ერთ საეჭვო რეპუტაციის ვაჭართან, როგოვინთან ერთად გაივლის გერმანიის ინდუსტრიულ ქალაქებს და რუსეთში ჩადის. იქ კი თეთრი თოვლის სისხლით მორწყვას შეესწრება - იმ საბედისწერო დღეს, როცა მეფის ჯარისკაცებმა ხალხს ტყვიები დაუშინეს. მალევე ტრანსციმბირულ მატარებელში ჯდება და აზიაში სავაჭროდ მიემგზავრება. […] თავგადასავლების მაძიებელი, თავისუფლებაზე უგონოდ შეყვარებული ადამიანი, არასოდეს გაუმხელს თავის თანამედროვეებს მისი მოგზაურობების, თავგადასავლების და თავისუფლების ფარულ აზრს. 1961 წელს, ასე უთქმელად მიდის ამ ქვეყნიდან. მაგრამ მის ნაცვლად, მისი შემოქმედება იმეტყველებს.“ მირიამ სანდრარი