ბურჰან სონმეზი წარმოშობით ქურთი მწერალია. იგი დაიბადა ჰაიმანას რეგიონში, ცენტრალურ ანატოლიაში. განათლებით იურისტი, იგი ადვოკატად მუშაობდა სტამბოლში და სპეციალიზებული იყო ადამიანთა უფლებების საკითხებში. რამდენიმე პატიმრობისა და ციხეებში წამების შემდეგ, ის იძულებული გახდა დაეტოვებინა თურქეთი და დიდი ბრიტანეთისთვის შეეფარებინა თავი, სადაც რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. შემდეგ თურქეთში დაბრუნდა და წერა განაგრძო. ის წერს იმას, რასაც ფიქრობს და მას გაბედული მწერლის სახელით იცნობენ. ბურჰან სონმეზს მიღებული აქვს სედათ სიმავის ლიტერატურული პრემია, ვაცლავ ჰაველის ფონდის პრემია, ორჰან ქემალის პრემია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლიტერატურული პრემია. 2021 წლიდან იგი არის პენ-ცენტრების მსოფლიო ასოციაციის, PEN International-ის პრეზიდენტი.