გამოცხადდა კონკურსი მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად ესეისტიკისა და კრიტიკის ჟანრებში. განაცხადები მიიღება 2026 წლის 2 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე (ჩათვლით). პრემია გაიცემა 2026 წლის 12 დეკემბერს წიგნის სახალწლო ფესტივალზე.
მალხაზ ხარბედიას სახელობის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია გადაეცემა ქართველ ავტორს წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებული საუკეთესო პუბლიკაციისთვის ესეისტიკისა და ლიტერატურული კრიტიკის ჟანრებში.
მალხაზ ხარბედიას სახელობის ლიტერატურული პრემია ესეისტიკისა და კრიტიკის ჟანრებში დააარსეს საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა ჟურნალმა „არილმა“ და გამომცემლობა „აგორამ“ 2025 წელს მალხაზ ხარბედიას ხსოვნის პატივსაცემად.
ჟიური შედგება ჟურნალ „არილისა“ და გამომცემლობა „აგორას“ წარმომადგენლებისგან.
საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: • პუბლიკაციაში განხილული საკითხის კულტურული და მეცნიერული მნიშვნელობა; • სიღრმისეული ანალიზი და პრობლემის საფუძვლიანი გააზრება; • ორიგინალური და ინოვაციური ხედვა.
• პრემია შეადგენს 1000 ლარს და გადაეცემა პუბლიკაციის ავტორს. • კონკურსზე წარდგენილი განაცხადების რაოდენობა შეზღუდული არ არის. • პრემიის ლაურეატს კონკურსში კვლავ მონაწილეობა შეუძლია ერთი წლის გასვლის შემდეგ.
მალხაზ ხარბედია (1974–2025) არის ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი და მწერალი. მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი წარმოადგენდა მამოძრავებელი ძალას ქართულ ლიტერატურულ პროცესებში, რითაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურული კრიტიკისა და ესეისტიკის განვითარებაში.
მალხაზ ხარბედია სხვადასხვა წლებში იყო გაზეთ „24 საათის“ დამატებების „წიგნებისა“ და "მარანის" მთავარი რედაქტორი; ჟურნალ „ცხელი შოკოლადისა“ და „არილის“ მთავარი რედაქტორი; ასევე, „ღვინის კლუბის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და პრეზიდენტი, მისი ლექციებისა და თემატური დეგუსტაციების სულისჩამდგმელი; ავტორი ბლოგისა „ღვინისა და გემოვნების შესახებ“; „ახალი ღვინის ფესტივალის“, შემდგომში კი კიდევ ორი ფესტივალის „ცქრიალა ღვინის ფესტივალისა“ და „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ თანადამაარსებელი; „ქართული ვაზის ფონდის“ გამგეობის თავმჯდომარე; Wine & Spirit Education Trust-ის მე-3 დონის სერტიფიცირებული ღვინის პროფესიონალი. მან მნიშვნელოვანი კვლევები განახორციელა ქართული ღვინისა და სამზარეულოს ისტორიაში. ააგო საკუთარი მარანი და შექმნა საკუთარი ღვინო, სახელწოდებით „კალამი“, რითაც ერთმანეთს დაუკავშირა ლიტერატურა და ღვინო.
მალხაზ ხარბედია რამდენიმე წიგნის ავტორია. სამჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია „საბა“: 2007 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა კრებულისთვის „პირადი ბიბლიოთეკა“; 2015 წელს ნომინაციაში საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა წიგნისთვის „ტექსტი და სიმართლე – კრიტიკა, ლიტერატურის პოლიტიკა, დაკვირვებები“. 2021 წელს კი „საბა“ მიიღო ჟურნალმა „არილმა“, ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
2025 - რეზო გეთიაშვილი: „ცხოვრება თავისუფლების გარეშე“, ჟურნალი „არილი, 2024