წიგნი წარმოადგენს კულინარიულ მოგზაურობას საქართველოში. საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად თვალწარმტაცია, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს. ასეთივე განუმეორებელია თითოეული კუთხისთვისდამახასიათებელი კერძებიც: თუშური ყველი, ხევსურული ერბო, ფშავური ხაჭო, რაჭული ლორი, სვანური კუდბარი, აჭარული აჩმა და ა.შ. შეიძლება ერთი და იგივე კერძი, ერთნაირი დასახელებით სხვადასხვა კუთხეში მეორდება, მაგრამ მომზადების პროცესი და შემადგენლობის მცირედი სხვაობა თითოეულ მათგანს განსაკუთრებით პიკანტურს და განუმეორებელს ხდის. დღეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ამზადებენ ხინკალს. საქართველოს მთიანეთში ხინკალი ძირითადად ცხვრის ხორცისგან მზადდება, კახეთში საქონლისა და ღორის ხორცის ნარევისგან, სამცხე- ჯავახეთში საქონლის ხორცისგან. განსხვავებულია აგრეთვე ფარშის შეკაზმვის ხერხები. ქართული სამზარეულო მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას. თუნდაც რად ღირს იმის გახსენება, რომ მარტო რაჭაში დაახლოებით 20-მდე საკვები მცენარეა (თუ მეტი არა), ნაცარქათამადან დაწყებული ჭინჭრით დამთავრებული, რომელთაც რაჭველები მხალის დასამზადებლად იყენებენ. წიგნში შერჩეულია ცალკეული მხარისთვის დამახასიათებელი ძირითადი კერძები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთგული მსახურებივით მტკიცედ შემორჩა ქართულ სუფრას.