• ნანა ლალიაშვილი

  • 23 Aug, 2023

სტატია ნიკოლა დიკნერის წიგნის შესახებ

დამოუკიდებელ კოორდინატთა რიცხვს, რომელიც სრულად განსაზღვრავს სხეულის სივრცეში მდებარეობას, სხეულის თავისუფლების ხარისხი ეწოდება - გვეუბნება ფიზიკა. წრფეზე მოძრავ სხეულს აქვს ერთი თავისუფლების ხარისხი, სიბრტყეზე მოძრავს - ორი, სამგანზომილებიან სივრცეში მოძრავს, რომელიც გადაადგილება, - სამი, ხოლო სამგანზომილებიან სივრცეში მოძრავ სხეულს, რომელსაც გადაადგილებაც შეუძლია და სამივე ღერძის ირგვლივ ბრუნვაც, - ექვსი თავისუფლების ხარისხი აქვს.

 

რამდენი თავისუფლების ხარისხი შეიძლება ჰქონდეს დახურულ სივრცეში გამოკეტილ ადამიანს, რომელსაც კლაუსტროფობია აწუხებს?

 

ნიკოლა დიკნერი თანამედროვე კანადელი მწერალია.  პირველი რომანი 2005-ში გამოაქვეყნა და ისეთი აღიარება მოიპოვა, რომ კანადის ფრანგულენოვანი ლიტერატურის ანთოლოგიებში კლასიკური მწერლების გვერდით დაიკავა ადგილი. მისი რომანების პერსონაჟები გამოირჩევიან ორიგინალობით, უცნაურობით, აკვიატებული იდეებით, ისტორიული ამბებისა და მათთვის საინტერესო საკითხების ღრმა ცოდნით.

 

„თავისუფლების ექვსი ხარისხი“ 2015 წელს გამოიცა და როგორც წლის საუკეთესო რომანს, გენერალური გუბერნატორის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.

 

წიგნში თავისუფლების თემა მრავალი წახნაგით ვითარდება, რომანის პერსონაჟები, რომლებიც თავისუფლებას ესწრაფვიან, რა თქმა უნდა, მწერლის ტრადიციას არ ღალატობენ და რომელიმე კონკრეტულ, აკვიატებულ სფეროში უკიდეგანო ცოდნას ფლობენ, ან უსაზღვრო ნიჭს და მიხვედრილობას ამჟღავნებენ.

 

თავისუფლების მისაღწევად ისინი უპირისპირდებიან სივრცეს, გეოგრაფიას, გლობალიზაციის შედეგად დადგენილ ნორმებს. და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ თავისუფლების მეტ და მეტ ხარისხს ეუფლებიან. თუმცა, ყველა პერსონაჟი ამას თავისებურად, თავისი გზით ცდილობს.

 

როცა თავისუფლებისკენ მიისწრაფვი და უნარი შეგწევს მას უსასრულოდ მიუახლოვდე, მნიშვნელობა აღარ აქვს იმ პირობებს, რაშიც საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმების გამო იმყოფები.

 

პატიმრობიდან პირობით განთავისუფლებული ადამიანი ალბათ სხვანაირად უფიქრდება ცხოვრებას. მას აქვს თავისუფლება, რომელიც პირობითია... განა შეიძლება თავისუფლებას პირობითობა ახასიათებდეს? დიკნერის რომანის გმირი კი, სანამ სასჯელის ვადის გასვლამდე დარჩენილ წლებს, დღეებსა და საათებს ითვლის; სანამ შეშინებულია, არაფერი შეეშალოს, არაფერი დაჰბრალდეს, რომ ეს ვითომ თავისუფლებაც არ დაკარგოს; სანამ სინანულით ფიქრობს გავლილ წლებზე, იმ გზაზე, რამაც აქამდე მიიყვანა, ნელ-ნელა ხვდება, რომ შეუძლია წარსულის გამოცდილება, სწორედ იმ უკუღმართ გზაზე სიარულისას მიღებული ცოდნაც კი, თავისუფლების მისაღწევად გამოიყენოს.

 

როცა გამსჭვალული ხარ წინაპრების პატივისცემით, აგრძელებ დიდი ბაბუის საქმეს და იმის მიხვედრისას, რომ ჯანმრთელობა ხელს ვეღარ გიწყობს მუშაობაში, თაობებით ნაგროვებ სამუშაო იარაღებს საკუთარ შთამომავალს უანდერძებ, შეიძლება ერთ დღესაც გადაწყვეტო ახალგაზრდობის წლებს დაუბრუნდე. რატომაც არა? აღარ ისურვო დროით შებოჭილი ყოფნა, მისგან გასათავისუფლებლად საჭეს მიუჯდე და გზას გაუდგე ბედნიერი წლისკენ...

 

იქნებ რომელიღაც ღარიბ, გადაკარგულ სოფელში ცხოვრობ, ყმაწვილობის ასაკს მიაღწიე და ცოდნას ეწაფები. მაშინ შეგიძლია დედამიწის სტრატოსფეროდან დანახვის სურვილიც კი აისრულო იმ მარტივი საშუალებებით, რაც შენთვის ხელმისაწვდომია და რისი გამოყენების უნარსაც ცოდნა გაძლევს.

 

ბავშვობაში დაწყებულ მეგობრობას თანამედროვე სამყაროში გეოგრაფია ვერაფერს დააკლებს, რადგან არსებობს საოცარი გამოგონება - ინტერნეტი. თუკი ინფორმატიკა გაინტერესებს, ნიჭიც აღმოგაჩნდება, ისევ და ისევ ცოდნის მიღება, ინფორმაციის დაუფლების ინტერესი დაგეხმარება იმაში, რომ გლობალიზაციის სტანდარტები უგულებელყო და მთელ მსოფლიოში შენს ჭკუაზე მართო სხვათათვის ნორმებში ჩასმული პროცესი. თავისუფლების გემოს კიდევ უკეთ იმიტომაც გაიგებ, რომ შეძლებ ყველასთვის უხილავი და მოუხელთებელი დარჩე.

 

შეგიძლიათ წარმოიდინოთ, რომ როდისღაც, რომელიღაც კოხტა სახლში, ცხოვრობდა ადამიანი, რომელმაც თავისუფლება სამალავში იპოვა? საიდუმლო ოთახში, სადაც განმარტოვდებოდა, სიგარეტსა და ვისკის აგემოვნებდა, ჟურნალებს ფურცლავდა და თავისუფლების მწვერვალებს ეზიარებოდა? თუკი ოთახი გასაიდუმლოებული ჰქონდა სახლის ბინადარს, ხომ არ აჯობებს, რომ ის სამუდამოდ საიდუმლო დარჩეს და მისი არსებობის შესახებ ვერავინ ვერასოდეს ვერაფერი გაიგოს?

 

ნუთუ შეიძლება თავისუფლებისკენ ლტოლვას ადამიანი ახალი ავეჯის ყიდვის ავადმყოფური ჟინით გამოხატავდეს?

 

რაში ჯობს გამოიყენო ნიჭი, ცოდნა? „სადიეტო“ ბანანებით სავსე კონტეინერების ინტერმოდალური გადაზიდვების ოპტიმიზაციაში თუ „ადამიანური გამოცდილების საზღვრების გაფართოებაში“? - კითხულობს ერთ-ერთი პერსონაჟი.

 

იქნებ თავისუფლებას ისიც შეუძლია, რომ გრავიტაციის კანონი უგულებელყოს?

 

მრავალ სხვა თემასაც ვაწყდებით რომანში. მათგან ზოგიერთი მარადიულია, თუმცა სხვათა გათელილ ბილიკებს არ მიუყვება, ზოგი კი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და ჩვეულებრივია, მაგრამ მათზე დაფიქრება და მათი უცნაური ასპექტით დანახვაა სწორედ უჩვეულო და მიმზიდველი. მამისა და შვილის ურთიერთობა, რომელიც დედის გარეშე ცხოვრებით იწრთობა; დედისა და შვილის ურთიერთობა, რომელიც ნაწყვეტ-ნაწყვეტ მიედინება და თითქოს საერთოდ არ ვითარდება; აგორაფობიით დაავადებული მოზარდის ძალისხმევა; ფარული მგზავრების უცნაური თავგადასავლები; დღევანდელი ეკონომიკური სამყაროს არსებობის ძირითადი ღერძი - კონტეინერების სანაოსნო გზები, რომლითაც დასერილია მთელი დედამიწა და რომელთა წყალობითაც გვაქვს ბანანები, რეზინის ხელთათმანები, საახალწლო სათამაშოები თუ ელექტრო გადამყვანები...

 

მწერლის ხელოვნების მაჩვენებელი ისიცაა, რომ სიტუაციების აღწერისას მკითხველს რეალურ ემოციებში ახვევს, ისტორიის მონაწილედ ხდის:  მკითხველსაც გული ეჭვიანი იმედით უფანცქალებს, როცა პატარა სოფლელი გოგონა იმ წლის უკანასკნელ გემს აცილებს და იცის, რომ ცივილიზაციასთან კავშირი მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხულზე აღდგება; მასაც ფეხები ეთოშება, როცა ერთ-ერთი პერსონაჟი ყინვაში უჩექმოდ მიძვრება თოვლით დაფარულ სახანძრო კიბეზე; მასაც თბილი ტკივილით ეწვის გული, როცა ალცჰაიმერით დაავადებული მამა შვილის მისალმებაზე მხოლოდ ზრდილობის გამო იღიმება და ტელევიზორის ჩართვას ცდილობს, რათა უხერხულობა რამით ჩაანაცვლოს; ისიც იდუმალებაში იძირება, როცა აღმოაჩენს, რომ საიდუმლო ოთახში განმარტოებულ უცნობ ქალს ჟურნალის სტატიის კითხვის დასრულება ვერ მოუსწრია...

 

დაბოლოს - აქაა ინტრიგა, რომელიც იპყრობს მკითხველს მთელი რომანის განმავლობაში და საშუალებას არ აძლევს დიდი ხნით მოსწყდეს ისტორიას. ზოგიერთმა მედიამ ამ რომანს ეკონომიკური ტრილერი უწოდა. წარმოიდგინეთ კონტეინერი, სახელწოდებით „პაპა ზულუ“, რომელიც ოკეანეებს სერავს და რომელსაც კუდში მისდევდნენ ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიურო, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, კანადის სამეფო ჟანდარმერია, კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური, სასაზღვრო სამსახურები და სხვ.

 

ეს იუმორით გაჯერებული, პოეტური, საინტერესო დოკუმენტური ინფორმაციით სავსე „ეკონომიკური ტრილერი“  მართლაც სახალისო წასაკითხია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ახალი სახელებისა და ლიტერატურული ექსპერიმენტების აღმოჩენა უყვარს.