• თამარ ხოსრუაშვილი

  • 28 Feb, 2024

ანდრე ა. მიშოს „ბონდრე“

ანდრე ა. მიშო

ბონდრე

რომანი

ფრანგულიდან თარგმნა თამარ ხოსრუაშვილმა
რედაქტორი მარინა ბალავაძე,

გამომცელობა აგორა მადლობას უხდის კანადის ხელოვნების საბჭოს თანადგომისთვის.

ანდრე მიშო თანამედროვე კვებეკელი მწერალია, რომელმაც, სანამ წერას დაიწყებდა, მრავალმხრივი განათლება მიიღო - შეისწავლა ფილოსოფია, კინოს ისტორია, ლინგვისტიკა, ლიტერატურის ისტორია და სხვ. დღეს იგი ფრანგულენოვანი კანადელების უსაყვარლესი მწერალია. მისი ფსიქოლოგიური და დეტექტიური რომანების წყალობით, მას „დეტექტივების პრუსტიც“ კი უწოდეს. ანდრე მიშოს მრავალი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული კანადასა და საფრანგეთში, მათ ყველას არ ჩამოვთვლი, მხოლოდ ერთს, ყველაზე მნიშვნელოვანს აღვნიშნავ. ესაა კანადის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატრული პრემია - გენერალური გუბერნატორის პრემია, რომელიც ანდრე მიშომ ორჯერ  მიიიღო, 2001 და 2014 წლებში. მეორედ იგი მიიღო სწორედ ნაწარმოებისთვის „ბონდრე“.

როგორც მწერალი დასაწყისშივე გვიხსნის, „ბონდრე არის ტერიტორია, სადაც ჩრდილები ყველაზე მჭახე სინათლესაც კი არ ეპუებიან, ანკლავი, სადაც უხვი მცენარეული საფარი იმ ხელუხლებელი ტყეების მეხსიერებას ინარჩუნებს, რომლითაც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტი იყო დაფარული სამი-ოთხი საუკუნის წინ. მისი სახელი სიტყვა „ბაუნდრის“ დეფორმაციით ჩამოყალიბდა, რომელიც საზღვარს ნიშნავს. თუმცა, არანაირი სასაზღვრო ნიშანი არ მიუთითებს, რომელ ქვეყანას ეკუთვნის იგი. ბონდრე იმ შერეული ტყეების კუთვნილებაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე მენიდან კვებეკში მდებარე ბოსის სამხრეთ-აღმოსავლეთამდე ვრცელდება. ბაუნდრი აპატრიდული ტერიტორიაა, ერთგვარი no man’s land, რომელიც მოიცავს ტბას, სახელწოდებით „ბაუნდრის ტბორი“, და მთას, რომელსაც მონადირეებმა შეარქვეს Moose Trap, რაც „ცხენირმების ხაფანგს“ ნიშნავს. [...] ბონდრე მოიცავს ასევე რამდენიმე ჰექტარ ტყეს, სახელწოდებით Peter’s wood.

სწორედ ბაუნდრის ტბორის პირას და პიტერის ტყეში ვითარდება ის მოვლენები, რომლებიც წიგნშია აღწერილი.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაწარმოები ტრადიციული დეტექტივისგან განსხვავდება, რადგან იმ ხაზის პარალელურად, რაც მას დეტექტიური რომანების ჟანრს მიაკუთვნებს, მრავალი სხვა მტკივნეული თემა ვითარდება, რო მლებიც ზოგჯერ თავიანთი სიმძაფრით გადაფარავენ კიდეც მთავარ ხაზს.

ერთ-ერთი მთავარი თემა, ესაა ბუნება, მისი იდუმალება, სიდიადე, რითაც ზოგადად გამსჭვალულია კანადური ლიტერატურა. ბუნება, რომლის დიდებულების ტყვეობაში ექცევა ადამიანი, თუკი შესწევს იმის უნარი, რომ მისი სუნთქვა გაიგოს. როგორც ავტორი ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში, ის ჯერ ქმნის დეკორაციას და შემდეგ მასში შეჰყავს პერსონაჟები. ეს დეკორაცია წიგნში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს. წარმოიდგინეთ, ტბის კამკამა წყალი, ოქროსფერი ათინათებით აბრჭყვიალებული მისი ზედაპირი, ახალგაზრდა გოგონების წყალში ჩახტომით გაჩენილი ცისარტყელები ლაჟვარდი ცის ფონზე, ივლისის-აგვისტოს პაპანაქება სიცხე, ტბის ირგვლივ კი ხშირი ტყე, ალაგ-ალაგ პატარა კორდებით, ლეგენდებით სავსე, ცხოველთა ბილიკებით დასერილი, ნაკადულებით დაღარულ მთებზე შეფენილი, მელიების, კურდღლების, დათვების, ენოტებისა და სინდიოფალების სამფლობელო, სადაც ადამიანებიც ცდილობენ ფეხი გამართონ, დაბურულ სივრცეში ფოთლებს შორის გამოღწეული მზის ცელქი სხივები დაიჭირონ. მერე კი თან გაიყოლონ ნაძვის ფისის სურნელი, ტყის მწვანე საფარში, ბალახებსა და ძირს ჩამოყრილ, გამხმარ ტოტებში დამალული პატარა ცხოველების თვალებიდან ამოკრეფილი მოციმციმე სინათლეები.

ეს რომანი მწერლის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს ეყრდნობა. იგი პატარაობაში, 1960-ან წლებში, ბონდრეში დაჰყავდათ მშობლებს დასასვენებლად და საოცარი სიზუსტით აღწერს 1967 წლის ზაფხულის განწყობას. მკითხველის თვალწინ თითქოს ფილმის კადრები ცოცხლდება. დამსვენებლები ტკბებიან მზითა და ჰაერით, ტყითა და ტბით, თევზაობენ, ნადირობენ, ნავებით სეირნობენ, ირუჯებიან, საღამოს მაყალზე სტეიკებს წვავენ... ახალგაზრდა გოგონები მოზარდობის ასაკში შედიან, ბიტლზის სიმღერების ფონზე ირგებენ თავისუფლებას, რომელიც ძალიან ეხამუშება ჯერ კიდევ ტრადიციულ წესებზე დამყარებული ოჯახებისგან შემდგარ დამსვენებელთა საზოგადოებას, სადაც მამაკაცები კვირის განმავლობაში სამსახურებში დადიან, ხოლო ქალები შინ სხედან და ბავშვებს უვლიან, სადაც ქალები შრომით დაქანცულ ქმრებს, ძმებს, ვაჟებს გაშლილი სუფრით ხვდებიან, სადაც ქალები მორიდებით განზე გადიან, როცა მამაკაცები ერთმანეთში საუბრობენ. ჯერ ფემინიზმს ძალა არ მოუკრებია და გოგონების გამომწვევი საქციელი, რომელიც სილამაზის, სილაღის, უზრუნველობის, სითამამისა და უჩვეულო თავისუფლების  გამოხატულებას წარმოადგენს, - უმოკლესი შორტი, ხელში „პალ მალი“, გასარუჯად მოშიშვლებული გრძელი ფეხები, მოურიდებელი ხმამაღალი კისკისი, თავხედური შეძახილი fuck! - უმრავლესობისთვის ზიზღის, ამრეზის საგანს წარმოადგენს: that kind of girl! და მხოლოდ დრამის შემდეგ, სინდისის ქენჯნით ხვდებიან, რომ ისინი უბრალოდ ბავშვები იყვნენ, მათი საქციელი მხოლოდ უზარმაზარ სიცარიელეს ფარავდა, რომელზეც მათი გარუჯული კანი იყო გადაკრული. და რომ მათ სილამაზესა და სიხალისეს გაფრთხილება სჭირდებოდა, რადგან ამ ასაკში ახალგაზრდა გოგონები ძალიან, ძალიან დაუცველები არიან საკუთარი მიამიტობის გამო...

კითხვისას აუცილებლად იგრძნობთ, რომ იმყოფებით სამყაროში ორ სამყაროს შორის და მწერალი ამას მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობარეობით არ აჩვენებს. აქ ყველგან საზღვარია, ორი ქვეყნის, ორი კულტურის, ორი ენის, ორი ასაკის... ტექსტი გაჯერებულია არა მარტო კვებეკური გამონათქვამებით, არამედ ინგლისური სიტყვებით და ფრაზებითაც კი. მოლიერის ენის გვერდით შექსპირის ციტატებს წააწყდებით. მიუხედავად ამისა, ეს კითხვას არ ართულებს. სხვათა შორის, კითხვას არ ართულებს არ ის, რომ ტექსტში საერთოდ არ არის დიალოგები კლასიკური ფორმით. სინამდვილეში ისინი უხვადაა, უბრალოდ მათ დიალოგის არასტანდარტული ფორმა აქვთ, ისინი მონათხრობ ტექსტში ჩართული წამოძახილებით, შეკითხვებით, ფიქრებით, ჟესტებითა და საქციელითაა გამოხატული.

მწერალი ასევე ეხება ერთ თემას, რომელიც მის ბევრ ნაწარმოებში მეორდება, ესაა ამოუხსნელი გამოძიებების წინაშე უძლურება. ტრადიციულმა დეტექტივებმა მკთხველი მიაჩვია, რომ წიგნის ბოლოს ახსნა უპოვოს მომხდარ დრამებს, აღმოაჩინოს დამნაშავე, მიიღოს ერთგვარი სიამოვნება იმით, თუ რამდენად სწრაფად მიხვდება, ვინ  არის ჩადენილი ბოროტების ავტორი... მაგრამ ცხოვრებაში ყოველთვის ასე არ არის და მწერალს არ სურს, ამაზე თვალი დახუჭოს. რამდენი ოჯახია, რომელის ახლობელი გაუჩინარდა და მის კვალს პოლიციამ ვერ მიაგნო, რამდენი ახალგაზრდა დაღუპულა ისე, რომ პოლიციას გამოძიება წარუმატებლობის გამო უბრალოდ დაუხურავს და ახლობლები სამუდამოდ უპასუხოდ დაუტოვებია, ჰაერში გამოკიდებული შეკითხვით „რატომ?“. ამ თემას, მართალია, გაკვრით, მაგრამ „ბონდრეშიც“ ვხვდებით. ისე როგორც სიკვდილის თემას, „ახალგაზრდების უმრავლესობა ასე კვდება, რამე სერიოზული მიზეზის გარეშე, მათი სწრაფი გარდაცვალების რამე ახსნის გარეშე“, ვკითხულობთ წიგნში.  რომანში მწერალი ორ ალტერ ეგოდ არის გაყოფილი - ერთია გამომძიებელი, გვარად მიშო (როგორც წიგნის ავტორი), და მეორეა პატარა, თორმეტი წლის გოგონა, სახელად ანდრე (როგორც წიგნის ავტორი). სტან მიშო სწორედ ის პერსონაჟია, რომელსაც ადრე გაუხსნელ შემთხვევებთან ჰქონია საქმე და მათ ვერ ივიწყებს, რადგან ყოველ ახალ შემთხვევაზე ისინი ბუმერანგივით უბრუნდება. პატარა გოგონა ანდრე კი მოვლენებს თავის ენაზე, თავისი ხედვით აღწერს. თითქოს მწერალი იხსენებს გულში ჩამალულ მოგონებებს, სადაც ერთმანეთში გადახლართულია მზე, ზაფხულის სუნები, სიმწვანითა და სილაჟვარდით სავსე დღეები, ტყის საბურველში შუქისა და ჩრდილის თამაში, დედები, მამები, და-ძმები, მათი ოჯახის წევრებისა თუ მეზობლების მზერა, ბავშვური შიშები, ფირსაკრავზე აჟღერებული „Lucy in the sky with diamonds“, დარდი, სიხარული, ფანტაზია, ცელქობა, „დღესაც კარგად მახსოვს ბედნიერების სიმყიფის შეგრძნება, რომელიც მიჩნდებოდა ხოლმე, როცა ფრთების ფართხუნი ღვიის სურნელს მიგზავნიდა ან ცოცხალი მელია ბილიკის გვერდით ჩაირბენდა“, ჰყვება მოგვიანებით ანდრე.

მათ გარდა, წიგნში სხვა დასამახსოვრებელი პერსონაჟებიც არიან, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვედრილ ადამიანებს მოგვაგონებენ და ამიტომ ძალიან რეალურები, ნაცნობები ჩანან. ეს პერსონაჟები ნელ-ნელა გამომწყვდეული აღმოჩნდებიან ჩაკეტილ სივრცეში, რომელიც აქამდე მათთვის  სამოთხეს წარმოადგენდა, ახლა კი ჯოჯოხეთად ქცეულა, რადგან გამოძიების დასრულებამდე ბონდრეს დატოვების უფლება არავის აქვს. ვკითხულობთ რომანს და ცოცხლად განვიცდით მათ ფიქრებს, შიშებს, დაძაბულობას, უნდობლობას, ბრაზს, კაეშანს. რომანის დასაწყისში აღწერილი ბედნიერი ატმოსფერი ნელ-ნელა იქუფრება. ვხვდებით, რას შეიგრძნობს ადამიანი, რომელიც ცოცხალი რჩება და ვერაფერს შველის გარდაცვლილს, მიუხედავად იმისა, რომ მზად არის, მას საკუთარი სიცოცხლე გაუცვალოს.

კითხვისას გრძნობ, რომ ნაწარმოებში ყველა სიტყვა თავის ადგილზეა, სწორედ ისე და იმ დროს თქმული, როგორც ცხოვრება მოიტანდა. ეს კი ძალიან დიდ ძალას აძლევს რომანს.

ძალიან მნიშვნელოვანი ასევე ის ჰუმანიზმი, რომელიც რომანის გმირებს ახასიათებთ. ეს შემთხვევითი არ არის. ყველა ჩემი გმირი რაღაც დოზით ჰუმანურია, აცხადებს მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში. გულის ამაჩუყებელია ის ეპიზოდი, სადაც ადამიანები, რომლებიც მხოლოდ შორიდან ესალმებოდნენ ერთმანეთს, ენის ბარიერის მიუხედავად, მხარიმხარ დგებიან, როცა უბედურების წინაშე აღმოჩნდებიან.

„ბონდრე“ მწერლის მეათე რომანია და თავისი წინამორბედების მსგავსად მას ახასიათებს დელიკატურობა, სინატიფე, სიღრმე, მასში შეხვდებით სურათებისა და მგრძნობელობის მთელ ნაკადს, ორიგინალურ და დამაჯერებელ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს.

დაბოლოს, რომანში შეხვდებით ერთ სცენას, სადაც საუბარია სისავსის შეგრძნებაზე, რაც კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ბედნიერება. ის მარტო იდგა პურის ყანის შუაგულში, დახუნძლულ ტოტებიანი ვაშლის ხის ძირას, ირგვლივ ერტყა ოქროსფერ თავთავიანი სივრცე და ეს სურათი მისთვის ყველაზე ნამდვილი და ყველაზე სრულყოფილი იყო. იმ მომენტს ვერც ვერაფერს მოაცილებდი და ვერც ვერაფერს მიამატებდი. ყველაფერი იქ იყო: სიმარტოვე, სიჩუმე, თავთავისა და ვაშლის სურნელი, დღის საბურვლიანი ელფერი ერწყმოდა თავისუფლების შეგრძნებას. იგი არც მისი დაუბრკოლებელი მოძრაობის უნარიდან მოდიოდა, რომლითაც ასეთი აღტაცებული იყო, არც იმ უსასრულობიდან, ყანის ბოლოს რომ იშლებოდა, არამედ გამოწვეული იყო დროსთან სრულყოფილი შერწყმით, ადგილის დამამშვიდებელი შეცნობით, იმ მომენტის სიბრძნით, რასაც ვერაფერი, ვერც რამე უბედურება და ვერც რამე დაბრკოლება, ვერ წაართმევდა. მისთვის რომ ეკითხათ, ვინ იყო და რას წარმოადგენდა მისი იდეალი, აი, ამ სცენის აღწერა მოუწევდა, რომლის ხანმოკლე ხასიათიც სამყაროს სილამაზის შესაძლებლობას გამოხატავდა. ეს ბედნიერება კი არ იყო, ეს იყო სისავსე, მხოლოდ ეს ერთადერთი სიტყვა მოსდიოდა თავში იმ მომენტის დასახასიათებლად და თვლიდა, რომ მისი პიროვნულობის მთელი არსი იმ რამდენიმე წამში იყო მოქცეული.

რომანის გამოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი კვებეკური გაზეთი წერდა, „ბონდრე“ სწორედ იმის დასტურია, რომ არსებობს ლიტერატურული თრილერი.

„ბონდრე“ არის რომანი, რომელიც აუცილებლად ჩააღწევს მკითხველის გულამდე და შეიძლება აზრიც შეაცვლევინოს, სხვა თვალით დაანახოს სამყარო, ახალგაზრდობა, ბედნიერება თუ სიცოცხლის დასასრული. 

ანდრე ა. მიშო არის მწერალი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს, რომ იგი ქართველმა მკითხველმა გაიცნოს.