• -

  • 19 Mar, 2020

გერონტი ქიქოძის პრემიის ლაურეატის გამოვლენა

გერონტი ქიქოძის პრემიის ჟიურის თავმჯდომარის წერილი

 

 

საქართველოს აქვს ფრანგული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნის მდიდარი ტრადიცია. ერთ-ერთი გამორჩეული მთარგმნელი გერონტი ქიქოძე გახლდათ. ამიტომ ვფიქრობ, არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო გამომცემლობა „აგორამ“, მისმა დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ბალავაძემ, როდესაც გასულ წელს დაარსა გერონტი ქიქოძის სახელობის პრემია ფრანგულენოვანი ლიტერატურული ნაწარმოების საუკეთესო ქართულენოვანი თარგმანისთვის.

როგორც გასულ წელს, ასევე წელსაც წილად მხვდა პატივი, მიმეღო ფრიად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება: სამი წარმოდგენილი თარგმანიდან ერთი გამომერჩია.

Chanson douce de Leïla Slimani - ლეილა სლიმანის იავნანა, მთარგმნელი მაია ქაცანაშვილი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ 

 Alma de Jean-Marie Gustave Le Clézio - ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ალმა, მთარგმნელი თამარ ლომიძე, გამომცემლობა „დიოგენე“

Un lieu incertain de Fred Vargas - ფრედ ვარგასის აკრძალული ადგილი, მთარგმნელი ემა ობგაიძე, გამომცემლობა „აგორა“

ვინაიდან ჩემი მოვალეობა მხოლოდ ქართულენოვანი ტექსტის წაკითხვა არ იყო, არამედ თარგმანები ორიგინალებისთვის უნდა შემედარებინა, საჭიროდ ჩავთვალე, დამედგინა გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც თარგმანის ხარისხის შეფასებაში დამეხმარებოდა. ამისათვის მივმართე ცნობილი თარგმანთმცოდნეების მოსაზრებებს, რომლებიც, მიუხედავად ხშირად აზრთა სხვადასხვაობისა, რამდენიმე კირეტერიუმს ერთხმად იზიარებენ, როდესაც განმარტავენ, რა არის კარგი ლიტერატურული თარგმანი.

მთარგმნელი, უპირველეს ყოვლისა, არის მკითხველი, მაგრამ ჩვეულებრივი მკითხველისგან განასხვავებით, ის იმავდროულად არის თანაავტორი, რომელიც, როგორც Paul Ricœur ამბობს, ორი « ბატონის“ მსახურია - უცხოსი და მშობლიურის და, შესაბამისად, ორივეს ერთგულად უნდა ემსახუროს. მაგრამ რამდენად არის ეს შესაძლებელი ? იმისათვის, რომ „უცხოს“ ერთგული დარჩეს, მან უნდა მოახერხოს ნაწარმოების „სულის“ გადმოცემა, როგორც ამას Françoise Wuilmart ამტკიცებს. ხოლო იმისათვის, რომ მშობლიურის ერთგული დარჩეს, მან ორიგინალი ნაწარმოების „სული“ უნდა გადმოსცეს მიმღები, ანუ მშობლიური ენისათვის დამახასიათებელი სტრუქტურის, ლექსიკურ-გრამატიკული და სტილისტური ხერხების გამოყენებით. შესაბამისად, მას უწევს „ზღურბლზე“ ყოფნა - ერთი ფეხით ორიგინალის ტექსტში /ენაში, მეორეთი - მიმღები ენის ტექსტში, მის სტრუქტურაში. გამოდის, რომ მთარმნელი ახორციელებს ორმაგ ღალატს, რასაც ალექსი ნუსელოვიჩმა უწოდა une double trahison : თარგმანთმცოდნეობაში დამკვიდრებულია კიდევ ერთი ტერმინი - trahison créative - შემოქმედებითი ღალატი, რაც განსაკუთრებით გამართლებულია კულტურული ფენომენების და მოვლენების თარგმნის დროს. ვინაიდან თარგმანი ეს არის არა მხოლოდ განსხვავებულ ენაზე შექმნილი ტექსტის თარგმანი, არამედ განსხვავებული ენისა და კულტურის თარგმანი.

ამთავითვე მინდა აღვნიშნო, რომ სამივე თარგმანი შესრულებულია ქართული ენისათვის დამახასიათებელი ლიტერატურული და ენობრივი ნორმების დაცვით და რომ არა საკუთარი სახელებისა და ტოპონიმების სიმრავლე, მკითხველს გაუჩნდება განცდა, რომ კითხულობს ქართულ ენაზე შექმნილ ორიგინალს. 

თუმცა, შეფასება რომ მაქსიმალურად ობიექტური ყოფილიყო, მომიწია თარგმანისა და ორიგინალის პარალელური კითხვა და თითოეული თარგმანის შეფასება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

- რამდენად არის გადმოცემული ორიგინალი ტექსტის „სული“.

- როგორია „ღალატის“ ხარისხი, რომელიც ყველა თარგმანს უცილებლად ახლავს. რამდენად შემოქმედებითი/კრეატიულია ეს „ღალატი“.

- როგორ მოახერხეს მთარგმნელებმა არა მხოლოდ ენის, არამედ კულტურის თარგმანიც და რამდენად არის გამოყენებული ასეთ შემთხვევაში ე. წ. მთარგმნელის პარატექსტი.

- როგორ არის შენარჩუნებული თარგმანში ორიგინალი ტექსტის პერსონაჟების მეტყველების რეგისტრი.

- როგორია თარგმნის თავისუფლების ხარისხი.

თარგმანების შეფასების ყველა ჩამოთვლილი კრიტერიუმის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ გერონტი ქიქოძის პრემიას იმსახურებს ემა ობგაიძის მიერ განხორციელებული თარგმანი, რომელიც აუცილებლად მოხიბლავს საქართველოში დეტექტიური ჟანრის რომანების მოყვარულ მრავალრიცხოვან მკითხველს.

 

პატივისცემით