ლუკა ბრუნონი საქართველოში - შეხვედრა "დუმილის" ავტორთან
ლუკა ბრუნონი 1982 წელს შვეიცარიაში დაიბადა. მან შეისწავლა სამართალი და ლიტერატურა, ამჟამად კი შვეიცარიის ბიზნესსკოლაში ლექტორად მუშაობს. ბრუნონი რომანების, მოთხრობებისა და სცენარების ავტორია.
საქართველოში ავტორმა მკითხველს თავისი რომანი „დუმილი“ გააცნო. წიგნი მისი მეორე რომანია და 2020 წელს Leggimontagna-ს ლიტერატურული პრემია მიიღო. „დუმილის“ ქართული თარგმანი იტალიურიდან როზა ოდიშვილმა შეასრულა.
„დუმილი“ მოგვითხრობს 13 წლის იდაზე, რომელიც ქალაქიდან შვეიცარიის პატარა, იზოლირებულ მთის სოფელში გადადის. გოგონა საკუთარ საიდუმლოს ატარებს, თუმცა თანდათან აღმოაჩენს, რომ სოფელშიც მრავალი დამალული საიდუმლო არსებობს. რომანში ერთმანეთს ერწყმის დრამა, მისტიკა და ფსიქოლოგიური დაძაბულობა.
ლუკა ბრუნონის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო ქართველი მკითხველებისთვის, პირადად შეხვედროდნენ თანამედროვე შვეიცარიელ ავტორს, ესაუბრათ მის რომანზე და მიეღოთ ავტოგრაფები.