თამარ ხოსრუაშვილი მთარგმნელი და საბიბლიოთეკო საქმის სპეციალისტია. იგი დაიბადა თბილისში, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის უცხო ენების მთარგმნელობითი უმაღლესი კურსები, ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსები, პარიზი-ნანტერის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო საქმის მართვის ფაკულტეტი, ვაშინგტონის ენების საერთაშორისო ცენტრის ინგლისური ენის კურსი. მას ფრანგული ენიდან თარგმნილი და გახმოვანებული აქვს ორმოცზე მეტი ფილმი, ოცდაოთხი წელი ხელმძღვანელობდა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას. თამარ ხოსრუაშვილი თარგმნის მხატვრულ ნაწარმოებებს ფრანგული და ინგლისური ენებიდან. იგი არის ასევე სამ ტომად გამოცემული ფრანგულ-ქართული ლექსიკონის თანაავტორი. 2019 წელს, ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, საფრანგეთის მთავრობამ მას მიანიჭა აკადემიური პალმის რტოს ორდენის კავალრის წოდება.