• .

  • 15 Sep, 2022

მარია გრიპეს „ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“ სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი

მარია გრიპე შვედი საბავშვო-საყმაწვილო მწერალია. მის კალამს ეკუთვნის ორმოცამდე წიგნი, რომლებისთვისაც მწერალმა მრავალი ლიტერატურული ჯილდო მიიღო, მათ შორის: დობლოუგის პრემია (Dobloug Prize) შვედური და ნორვეგიული მხატვრული ლიტერატურისთვის; სკანდინავიის საბავშვო წიგნის პრემია (Nordic Children’s Book Prize); საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მარია გრიპე დაჯილდოებულია ჰანს ქრისტიან ანდერსენის მედლით. გრიპეს გამომცემელმა, ბონიე კარლსენმა, 2005 წელს დააარსა მარია გრიპეს სახელობის ლიტერატურული პრემია, რომელიც ყოველ წელს გაიცემა.

ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავსსაყმაწვილო სათავგადასავლო რომანია. იგი მოგვითხრობს სამი ცნობისმოყვარე მოზარდის ამბავს, რომლებიც შვედეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობენ.

მწერლის ოსტატობა ყველაფერში იგრძნობა - თხრობის სტილში, ინტრიგების შექმნაში, მოზარდების ფიქრებსა და ინტერესებში.

მკითხველი წიგნში შეხვდება დავიდს, რომელიც დიდი ხანია დედამ მიატოვა და მამასთან იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილს ძალიან უყვარს ერთმანეთი და ერთმანეთის საქმიანობას პატივისცემით ეკიდებიან, მაინც საოცრად უჭირთ ერთანეთთან საუბარი...

გაიცნობთ იონასს და ანიკას, მოსიყვარულე და-ძმას, რომლებიც მუდამ ერთმანეთზე ზრუნავენ.

გაიცნობთ კიდევ მრავალ პერსონაჟს, რომლებიც მოზარდების სოფელში ცხოვრობენ და სიმპათიურები ან საეჭვოები არიან.

და რაც მთავარია, შეხვდებით რომანის ყველაზე მნიშვნელოვან პერსონაჟს - ეგვიპტურ ქანდაკებას!

როგორც მარია გრიპეს სხვა რომანებში, აქაც ჟონავს მისტიკური ელემენტები; ძალიან შთამბეჭდავია ჭადრაკის პარტიის სატელეფონო თამაში თვალით უხილავ ადამიანთან.

ფუნდურა კი... რა როლი აქვს ფუნდურას? ამ ყველაფერს წიგნში შეიტყობთ და როგორც მწერალი ამბობს:

ოდესმე თუ გიფიქრია, რომ მსოფლიოში ყველა ადამიანი ერთსა და იმავე წიგნს არ კითხულობს. მაშინ რამ აგაღებინა ხელში სწორედ ახლა, სწორედ ეს ნაწარმოები? ალბათ გგონია, რომ შემთხვევით გადააწყდი“...

წიგნი შვედურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა და დიდი მადლობა მას ბრწყინვალე თარგმანისთვის. ასევე მადლობას ვუხდით გამომცემლობა აგორას და ევროკავშირს, რომლის პროგრამისშემოქმედებითი ევროპამხარდაჭერითაც განხორციელდა ეს პროექტი.