გაელ ჟოსის “ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ (სტატიის ავტორი: ნანა ლალიაშვილი)
1954 წელი. სამოცდაორი წლის დატვირთული მუშაობის შემდეგ ელის აილენდზე მდებარე საიმიგრაციო ცენტრი სამუდამოდ იხურება.
ამ სამოცდაორი წლის განმავლობაში ელის აილენდმა 12 მილიონი იმიგრანტი მიიღო. ვინ იყვნენ ისინი? როგორ ხვდებოდა მათ კუნძული და მისი პერსონალი? იმიგრანტები - ევროპიდან წამოსული ოჯახები თუ მარტოხელა ავანტიურისტები... ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს საკუთარ სამშობლოზე, ტკივილიანი უარი, რადგან სხვადასხვა მიზეზის გამო იქ აღარ დაედგომებიდათ. ეს მიზეზები კი ულევი იყო: გაჭირვება, უიმედობა, შევიწროება, ჩაგვრა, უსამართლობა... ან უბრალოდ თავგადასავლების სიყვარული და ზოგჯერ ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელისგან თავის დაღწევის მცდელობა.
ელის აილენდზე გახსნილ საიმიგრაციო ბიუროს ევალებოდა ამოეცნო, ამ ადამიანებში ვინ იყო პატიოსანი და ვინ ავაზაკი, ვინ ააშენებდა ამერიკას და მისი დიდების კედელზე კიდევ ერთ აგურს დადებდა და ვინ მის კრიმინალურ სამყაროს გაამრავალფეროვნებდა.
ავაზაკები ამერიკის ტერიტორიაზე არ დაიშვებოდნენ !
არც მძიმე ავადმყოფები, არც ჭკუასუსტები. გადამდები ან გაურკვეველი სენით შეპყრობილებისთვის ოქროს კარიბჭე იკეტებოდა. დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა საიმიგრაციო ბიუროს პერსონალს - ისინი მათ ხელში მოხვედრილი ადამიანების ბედს წყვეტდნენ; ზოგჯერ სამართლიანად, ზოგჯერ მცდარად, რადგან თვითონაც ადამიანები იყვნენ და შეცდომებისგან არ იყვნენ დაზღვეულები.
იქნებ, ეს მწერალი ანარქისტია? ამერიკაში თუ შევუშვებთ, თავის ჭკუაზე მოაქცევს ახალგაზრდებს და აწყობილ ქვეყანას აგვიფორიაქებს... ან იქნებ, დიდებული მწერალია და ცოტა ხანში მისი წიგნები მრავალ ენაზე იქნება თარგმნილი, მათ შორის ინგლისურადაც და ამერიკის წიგნის მაღაზიებში რიგი დადგება მათ საყიდლად? ან ეს იტალიელები - იქნებ, მაფიის წევრთა ახლობლები არიან? ხანძრებს მოაწყობენ, სასტიკად გაუსწორდებიან კონკურენტებს და ქუჩებს ავტომატის ჯერით დახოცილთა სისხლით მორწყავენ ისე, როგორც გაზეთებში გამოქვეყნებულ ფოტოებშია...
ან ეს მრავალშვილიანი ოჯახი? როგორ უნდა გამოკვებონ ამდენი შვილი? რა ადამიანებად გაზრდიან მათ? ღირსეულებად, ვინც ამერიკას ასახელებს თუ ყაჩაღებად, რადგან ლუკმა-პურის მოსაპოვებლად სხვა გზას ვერ იპოვიან ?
იმიგრანტთა ბედი ელის აილენდის ანკეტაში ჩამოწერილ ოცდაცხრა შეკითხვაზე გაცემული პასუხების, სამედიცინო პერსონალის ჩუმი და აშკარა დიაგნოზის, ევროპიდან დამატებით გამოგზავნილი საბუთების და პირადი გასაუბრების მიხედვით წყდებოდა.
ვის ხელშიც 12 მილიონი ადამიანის საბუთებს გაუვლია, ვისაც 12 მილიონი ადამიანის ხმა, ინტონაცია, საუბარი მოუსმენია, მათი ჟესტები, არტიკულაცია უნახავს, მათ თვალებში მომავლის შეცვლის მტკიცე გადაწყვეტილება დაუნახავს და ამავე დროს გაურკვევლობით დაბუდებული შიშიც შეუნიშნავს, ვისაც 12 მილიონი ადამიანის ჩაცმულობა უნახავს და სასოწარკვეთილი თუ უდრეკი მზერისთვის თვალი გაუსწორებია, შეუძლია თამამად თქვას, რომ მსოფლიო შემოუვლია ისე, რომ ელის აილენდის გარდა არსად უცხოვრია. ეს იყო ბაბილონის გოდოლი, სადაც ადამიანებს მხოლოდ ერთი საერთო სიტყვა ჰქონდათ : „ამერიკა.“
დღეს ელის აილენდზე იმიგრაციის მუზეუმია, სადაც ამ კუნძულგამოვლილ იმიგრანტთა ფოტოებსაც იხილავთ. ამ ფოტოების ნაწილი იმ ადამიანის გადაღებულია, ვინც სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ დორტუარებს დაივლიდა და იმიგრანტებს აიძულებდა ეროვნული ტანსაცმელი ჩაეცვათ და მისი ფოტოკამერის წინ ეპოზიორათ. დიახ, ასეც ხდებოდა - ეს მისი ჰობი იყო. შემდეგ ფოტოები ანტიმიგრაციული ხასიათის ჟურნალ-გაზეთებში ხვდებოდა, რომლის მესვეურები ცდილობდნენ ხაზი გაესვათ ამერიკელ მოქალაქეთა და ევროპელ იმიგრანტთა შორის განსხვავებისთვის და დაეკნინებინათ ისინი, რათა ხალხი მათი ქვეყანაში შემოშვების წინააღმდეგ განეწყოთ.
სწორედ ამ ფოტოებმა გადააწყვეტინა მწერალს ელის აილენდის შესახებ წიგნის დაწერა.
კითხულობ ამ მცირე ზომის რომანს და გგონია, იმ წლებში გადაგისროლა დრომ, ელის აილენდზე ხარ და იმიგრანტთა ბედ-იღბალი შენი გადასაწყვეტია. ისტორიული ფაქტები და მხატვრული ფანტაზია ისეა ერთმანეთში გადახლართული, რომ ეჭვიც არ გეპარება, ყველაფერი შეიძლება ისე წარმართულიყო, როგორც წიგნშია აღწერილი.
ტექსტი ისეა დატვირთული ემოციებით, ისეთი თბილი და გულში ჩამწვდომია, რომ შუძლებელია მისი ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა. გინდება შეჩერდე, დაფიქრდე, დაინახო ის ადამიანები, ვისზეც მწერალი ჰყვება და შენდა უნებურად გიჩნდება შეგრძნება, რომ გემზე ხარ, ამერიკისკენ და უცნობი მომავლისკენ მიემგზავრები და მგზავრობის გაუსაძლის პირობებს, სხვა შენნაირთა მსგავსად, მხოლოდ იმიტომ უძლებ, რომ ყოველ დილით განვლილ წინა დღეს ივიწყებ და იცი, რომ ერთი დღით ნაკლები დაგრჩა გასავლელი... ან კუნძულზე ხარ, საერთო სასადილოში გაურკვეველი წარმომავლობის ყავისფერ კერძს მიირთმევ და მხოლოდ იმიტომ გსიამოვნებს, რომ ორი-სამი კვირის განმავლობაში გემით მგზავრობის შენდეგ, როგორც იქნა, ცხელი კერძის ჭამის საშუალება მოგეცა...
ჩემი აზრით, კარგი მწერლის სახელს მაშინ იმსახურებ, თუკი დაუვიწყარი პერსონაჟების შექმნა შეგიძლია. მერწმუნეთ, წიგნის წაკითხვის შემდეგ დიდხანს გემახსოვრებათ ჯონ მიტჩელი, ელის აილენდის საიმიგრაციო ცენტრის დირექტორი; მისი ბავშვობის მეგობარი ბრაიანი, რომელიც ნორმანდიის სანაპიროს სანახავად წასვლას მხოლოდ იმიტომ ოცნებობს, რომ დაინახოს ის სამყარო, რაც მისმა შვილმა დაინახა ბოლოს, სანამ გერმანული ტყვია მის ახალგაზრდა სიცოცხლეს წაიღებდა; იტალიელი ყმაწვილი ქალი ნელა, რომლის ჭკუასუსტი ძმა სრულიად მოულოდნელ გამოსავალს პოულობს, რათა დას ხელი არ შეუშალოს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლაში.
გაელ ჟოსის რომანს „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ 2015 წელს ევროკავშირის ლიტერატუტული პრემია მიენიჭა. დიდი მადლობა გამომცემლობა აგორას და მთარგმნელს თამარ ხოსრუაშვილს, რომანის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემისთვის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“, რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა ეს შესანიშნავი პროექტი.