ფილიპ ჯიანის „ნიანგები“ (სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი)
ფილიპ ჯიანი ფრანგი მკითხველების საყვარელი მწერალია. განსაკუთრებული პოპულარობა მან 80-იანი წლების ახალგაზრდებში მოიპოვა და თავისი რომანით „37°2 დილით“ ისეთი ზეგავლენა მოახდინა მათზე, რომ შემდგომში „ჯიანის თაობა“ შეარქვეს.
მიუხედავად ფილიპ ჯიანის რომანების და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების პოპულარობისა, „ნიანგები“ მისი პირველი წიგნია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.
„ნიანგები“ ნოველების კრებულია, სადაც ავტორი იმედგაცრუებული სიყვარულის ამბებს გვიყვება, სადაც მთავარი გმირები სხვადასხვა ასაკის მამაკაცები არიან. „ნიანგი მგძნობიარე ცხოველია, რომელსაც სქელი კანი აქვს“ - წერს ავტორი დასაწყისშივე.
თხუთმეტი წლის მოზარდის პირველ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც მისგან დამოუკიდებლად კრახით მთავრდება, რიგრიგობით მოსდევს ცხოვრებაში ხელმოცარული შუახნის მამაკაცის ამბავი, რომელსაც სიყვარული კი სწყურია, მაგრამ ვერაფრით ეგუება იმ სამყაროს, სადაც უწევს ცხოვრება, და იმ ხალხს, რომელიც მის ირგვლივაა. ამიტომაც ვერ აღწევს მიზანს და მარტო რჩება. ცხოვრების სიკეთეებით განებივრებული ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც წარსულით კვეხნაში ატარებს დროს კომფორტულად მოწყობილ აგარაკზე და საოცნებო მანქანის ტარებით ტკბება, უცებ ხვდება, რომ ყველაფერს გაიღებს ქალისთვის, მცირეოდენი სითბოს სანაცვლოდ.
ყველა ნოველა მსუბუქი იუმორითაა გაჯერებული, რაც მათ სასიამოვნო წასაკითხს ხდის, მიუხედავად პერსონაჟების ტრაგიკულობისა. განსაკუთრებით სახალისოა ნოველა „ექვსასი გვერდი“, რომელიც ორი მეზობლის ერთმანეთის ჯიბრით ცხოვრებას აღწერს. პატარა ქუჩის გადაღმა მწერლის აგარაკია, ქუჩის გადმოღმა კრიტიკოსს, რომელმაც ამ მწერლის რომანზე კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა - რა ვქნა, თუ არ გავაკრიტიკე, ჰონორარს არ გადამიხდიანო, უხსნის მკითხველს. მაგრამ მწერალი რისი მწერალია, თუ მისი გამკრიტიკებელი არ შეიძულა? ქიშპობას ბოლო არ უჩანს; ნელ-ნელა აბსურდამდე და საშინელ აგრესიამდეც მიდის.
„ნიანგების“ პერსონაჟებს ერთი რამ აერთიანებთ - გარეგნულად უკარებებს, გული სითბოთი უძგერთ და ასეთივე სითბოთი მოპასუხე გულებს ეძებენ.
მაგრამ მათი წარუმატებლობის მიზეზი ისაა, რომ სამყაროს ემიჯნებიან, მის წინააღმდეგ მიდიან, არ თანხმდებიან სხვათა ბედნიერებას და ამის გამო აგრესიასაც არ ერიდებიან; საბოლოო ჯამში, „ნიანგებივით“ იქცევიან, თავიანთი მგრძნობიარე გულების მიუხედავად.
ეს ნოველები სასიამოვნო წასაკითხია. ცოტა დროში გამოგზაურებთ, ცოტა გულსაც აგიჩუყებთ, გაგახალისებთ და უდავოდ მიგახვედრებთ, რომ მათი ავტორი დიდი მწერალია.
დიდი მადლობა გამომცემლობა აგორას და ნოველების მთარგმნელს თამარ ხოსრუაშვილს, ასევე ევროკავშირის პროგრამას „შემოქმედებითი ევროპა“, რომლის მხარდაჭერითაც მოხერხდა წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა.