ემანუელე ტრევის "რაღაც ნაწერი" (სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი)
ემანუელე ტრევი თანამედროვე იტალიელი მწერალი, ჟურნალისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი და წამყვანია. 28 წლის ასაკში სტაჟიორად მოეწყო პიერ პაოლო პაზოლინის ფონდში. ახალგაზრდა ტრევის მიზნად ჰქონდა მოეძია, დაემუშავებინა, დაეხარისხებინა და წიგნად გამოეცა პაზოლინის ინტერვიუები.
იმ პერიოდში ფონდს ხელმძღვანელიობდა მსახიობი და მომღერალი ლაურა ბეტი. იგი იყო პაზოლინიზე უგონოდ შეყვარებული, ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი, რომელიც თვლიდა, რომ ყველაზე კარგად იცნობდა პაზოლინის და მისი შემოქმედების გაგებაც ყველაზე კარგად შეეძლო. ამიტომ ახალგაზრდა სტაჟიორს უნდობლად უყურებდა.
ერთი რამ კი უდავო იყო. პაზოლინის გვერდით გატარებული მრავალი წლის გამო, რეჟისორს მასზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა მოხდენილი. ეს გავლენა მისი გარდაცვალების შემდეგაც იგრძნობოდა, თითქოს ლაურა ბეტის მუდამ გვერდით დაყვებოდა პაზოლინის აჩრდილი. ტრევი ამბობს, რომ შეხვედრებისას თუ გაცნობისას ადამიანთა უმეტესი ნაწილი ჩვენში ღრმა ემოციას კი არა, სულ უმნიშვნელო ცვლილებებსაც არ იწვევს. მათი გაცნობის გარეშეც მშვენივრად ვიქნებოდით ისეთები, როგორებიც ვართ. მაგრამ პაზოლინი ასეთ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.
ემანუელე ტრევი, რომელიც ამავე დროს პროფესიით ფსიქოთერაპევტია და გაიზარდა ფსიქოანალიტიკოსი მამის და ნევროლოგი დედის ოჯახში, გვაძლევს ლაურა ბეტის შესანიშნავ ფსიქოლოგიურ ანალიზს.
ძნელია განსაზღვრო რა ჟანრს მიეკუთვნება ეს ნაწარმოები. რომანი, ესეი, ავტობიოგრაფია, დოკუმენტური პროზა, ხელოვანის შემოქმედების კრიტიკული ანალიზი? არა, მას ჩარჩოში ვერ ჩასვამ. ნაწარმოებში ყველაფერი ერთად არის აღებული.
ძალიან საინტერესოდ საუბრობს მწერალი პაზოლინის დაუმთავრებელ წიგნზე „ნავთობი“, რომელიც მწერალმა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა და რომელიც მისი გარდაცვალებიდან ჩვიდმეტი წლის შემდეგ გამოქვეყნდა. „ნავთობი“ უცნაური და ძნელად გასაგები ნაწარმოებია. მთავარი პერსონაჟი მამაკაცი ჯერ გაორდება, შემდეგ ორივე ნაწილი ქალად იქცევა და, ბოლოს, საწყისი სქესი დაუბრუნდებათ. წიგნის გამოსვლა პუბლიკამ სკანდალურად აღიქვა. ტრევი ცდილობს გააანალიზოს იგი და რამდენიმე გასაღებს აძლევს მომავალ მკითხველს. თვითონ ემანუელე ტრევიმ სპეციალურადაც კი მოინახულა წიგნში მოხსენებული ადგილები საბერძნეთში და მრავალი ფოტო დაურთო წიგნს. ტრევი მკითხველს უხსნის, რომ ამ ნაწარმოებში ყველაფერი რაღაცასთან არის კავშირში. ყველაფერი რაღაცით აიხსნება. ემანუელე ტრევი გვიყვება, როგორ მუშაობდა პაზოლინი „ნავთობზე“ და იმის ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ ნაკლული გვედები სინამდვილეში კი არ დაკარგულა, არამედ არც არასდროს დაწერილა. ისინი განგებ არის ნაკლული და სწორედ ასე ჰქონდა ჩაფიქრებული წიგნის ავტორს.
ემანუელე ტრევი არ ერიდება სკანდალურ ისტორიებს პაზოლინის შესახებ და საინტერესოდ გვიხსნის მათ. პაზოლინი, რომელიც სულ რაღაც ახალს ეძებდა, თვითონვე ამბობდა რომ მან დროს გაუსწრო.
ტრევი ასევე წიგნში ჰყვება პაზოლინის ფილმის „სალოს“ შესახებ, რომელმაც შოკი მოახდინა საზოგადოებაში. მისი ჩვენება ღია ცის ქვეშ მოეწყო რომში. მაყურებლების ნაწილმა ვერ გაუძლო და მოედანი დატოვა; ხოლო ვინც ბოლომდე უყურა, ისინი კარგა ხანს გამოხატავდნენ აღშფოთებას. ემანუელე ტრევი ცდილობს აგვიხსნას, რომ ფილმის მთავარი მიზანი ეფექტის, შოკის მოხდენა იყო და მას ეს კარგად გამოუვიდა; რომ პაზოლინი შოკისმომგვრელ პრობლემებს იმიტომ კი არ გვთავაზობდა, რომ მხოლოდ აღშფოთება გამოეწვია მაყურებელსა თუ მკითხველში, არამედ იმისთვისაც, რომ ამ აღშფოთების შემდეგ საზოგადოება ღრმად ჩაფიქრებულიყო ნანახსა თუ წაკითცხულზე.
ემანუელე ტრევის „რაღაც ნაწერს“ 2012 წელს მიენიჭა ევროკავშირის ლიტერატურული პრემია. სწორედ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მხარდაჭერით წიგნის შესანიშნავი თარგმანი, რომელიც შეასრულა როზა ოდიშვილმა, გამოიცა ქართულ ენაზე გამომცემლობა აგორას მიერ.