ანჯელა ნანეტის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი
ანჯელა ნანეტი იტალიელების საყვარელი საბავშვო მწერალია. წიგნისთვის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ მან მიიღო საბავშვო ლიტერატურისა და წიგნის ხელოვნების საერთაშორისო პრემია.
წიგნში მოთხრობილია პატარა ბიჭის, ტონინოს ამბავი, რომელსაც ბევრი სხვა ბავშვივით ჰყავს დედა, მამა, ორი ბებია-ბაბუა - ქალაქელები და სოფლელები. მისი სამყარო ამ ადამიანებთან ურთიერთობით არის სავსე. ისინი ყველანი მასზე, ტანინოზე ზრუნავენ და მისი გულისთვის ხშირად საკუთარ ხუშტურებს ივიწყებენ.
განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია ტონინოს და მისი ბაბუის ურთიერთობა. დიდი სითბოთი მოყოლილ და ხალასი იუმორით შეზავებულ ტექსტში მნიშვნელოვანი თემები ვითარდება - მოხუცებულობა, სიბერე, გარდაცვალება, გლოვა, ხსოვნა: ბაბუა, რომელმაც ხეზე ასვლა ასწავლა; ბაბუა, რომელმაც ალუბლის ხეს ფელისიენი დაარქვა; ბაბუა, რომელსაც ბებია ყოველთვის ახალგაზრდა და ლამაზი ახსოვდა; ბაბუა, რომელიც ყოველ დილით გოგლიმოგლის უკეთებდა... შემდეგ კი... ბაბუა, რომელიც რატომღაც ხეზე თავის ბატთან ერთად აძვრა და აღარ ჩამოდიოდა; ბაბუა, რომელიც სახლიდან სასეირნოდ გავიდა და უკან დაბრუნებისას სახლს ვეღარ მოაგნო; ბაბუა, რომელმაც ყინვისგან გადასარჩენად ალუბლის ხეს ცეცხლი დაუნთო და მთელი ღამე მის გვერდით გაატარა, რომ არ ჩამრალიყო; ბაბუა, რომელიც სავაადმყოფოში მოხვდა და დედის ცრემლებად დაიღვენთა...
კითხულობ წიგნს და გახსენდება საკუთარი ბავშვობა, საკუთარი ბებია-ბაბუა; ბედნიერი და უდარდელი დღეები, რომელებიც ხან ერთ და ხან მეორე ბებია-ბაბუებთან გაგვიტარებია. შემდეგ კი... უცნაურად ახსნილი მათი არყოფნა.
ეს არის საოცრად თბილი წიგნი, რომელიც ყველა ბავშმა, ყველა დედამ და მამამ, ყველა ბებიამ და ბაბუამ უნდა წაიკითხოს.
წიგნის ბრწყინვალე თარგმანი შემოგვთავაზა როზა ოდიშვილმა, რომელმაც ამ წიგნისთვის 2021 წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო ნათარგმნი საბავშვო-საყმაწვილო წიგნი“.
ეს შესანიშნავი წიგნი, ულამაზესი ილუსტრაციებით, რომელთა ავტორები არიან ანა და ელენა ბალბუსოები, გამოსცა გამომცემლობა აგორამ ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ ფარგლებში.