ივ ბონფუას „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი
ივ ბონფუა ფრანგი პოეტი, ხელოვნების კრიტიკოსი და მთარგმნელია. საფრანგეთში მას მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის უდიდეს პოეტად მიიჩნევენ. მას გამოცემული აქვს ოცდაათზე მეტი ლექსების კრებული და მცირეტანიანი რომანი. ასევე, ფრანგულ ენაზე თარგმნილი აქვს პეტრარკას სონეტები, შექსპირის თერთმეტი პიესა, პოეზია, სონეტები. გარდა ამის, მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი ხელოვნების შესახებ. ივ ბონფუა საპატიო დოქტორად იყო არჩეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მრავალ უნივერიტეტში, რომელთა შორისაა ნეშატელის უნივერსიტეტი, ამერიკული კოლეჯი პარიზში, ჩიკაგოს, ედინბურგის, რომის, ოქსფორდისა და სიენის უნივერსიტეტები; იგი აგრეთვე იყო ხელოვნების და მეცნიერების ამერიკული აკადემიის და ბავარიის ხელოვნების აკადემიის წევრი. ივ ბონფუას მიღებული აქვს თვრამეტი ლიტერატურული პრემია, მათ შორის ათი საფრანგეთის საზღვრებს გარეთ, და საფრანგეთის მთავრობის მიერ მინიჭებული აქვს ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის წოდება.
„მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ 1954 წელს გამოიცა. იგი ივ ბონფუას პირველი ლექსების კრებულია და ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი მის შემოქმედებაში.
გამოცემისთანავე კრებულმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მრავალი ხოტბა მიიღო კრიტიკოსებისგან. მათ განაცხადეს, რომ ივ ბონფუამ „პოეზია ყველაზე ახლოს მიიყვანა არსებობის რეალობასთან“, რისთვისაც სიკვდილის ფენომენის გამოყენებასაც არ მოერიდა. სწორედ ამის სიმბოლოა დუვი - ციხესიმაგრის ირგვლივ არხში დაგუბებული წყალი.
მთელი პოეტური შემოქმედება ერთი არსებობის ნაწილია; პოეტის არსებასა და მის პოეზიას შორის უწყვეტობაა, - გვეუბნება პოეტი. სიტყვა გამოეყოფა ენას, რომელიც სისტემის ჩარჩოებშია მოქცეული; სიტყვა აქ არის, არსებობს და ამით არსებობას ადასტურებს. სიტყვა ცოცხალია, რადგან იგი განუყოფელია ცოცხალი არსებისგან, რომელიც მას წარმოთქვამს.
კითხვის დაწყებისას, მკითხველი მსუბუქად და სწრაფად გაირბენს პირველ გვერდებს, მაგრამ შემდეგ ყურადღება დაეძაბება - თითქოს იბნევა, რადგან უნდა აირჩიოს, საით მიმართოს ფიქრი: ეძებოს ტექსტის მნიშვნელობა, გაიგოს არსი იმისა, რასაც პოეტი გვთავაზობს, თუ დათანხმდეს, რომ ჩაეფლოს ტექსტში, მიჰყვეს სიტყვებს და უსმინოს მათ სიჩუმეს. წიგნის კითხვისას ბევრჯერ გაგიჩნდებათ შეგრძნება, რომ პოეტის ჩანაფიქრის ზღურბლს მიადექით, სადაცაა მთავარს გაიგებთ, და ის კი უცებ უჩინარდება; ივ ბონფუას მიზანიც ესაა, აჩვენოს, თუ რა რთულია პოეტური სიტყვების პოვნა სიკვდილის სათქმელად. პოეტი განუწყვეტლივ გადადის სიბნელიდან სინათლისკენ და პირიქით, თითქოს ეძებს პოეზიას, რომელიც გამოადგებოდა სიცოცხლეს სიკვდილზე სასაუბროდ, იმაზე სასაუბროდ, რომ ცოცხალი არსებები ერთხელაც არსებობას ამთავრებენ. ასეთი უცნაური მცდელობის გამო ამ პოეტური კრებულის წაკითხვა შეიძლება რთული მოეჩვენოს მკითხველს, მაგრამ პოეტი მართალია, ჯერ სიბნელეში უნდა შეხვიდე, რათა იქ სინათლე მოაგროვო. არადა, შეუძლებელია შინაგანი შფოთის გარეშე წაიკითხო სტრიქონები, სადაც გამუდმებით სიკვდილთან კავშირი იგრძნობა.
უცნაურია, მაგრამ კრებულში ვერ იპოვით ლექსებს, რომლებიც თქვენს ფარულ სიმებს შეეხებიან და ზეცაში აგაფრენენ. არა, აქ სხვა პოეზიაა; მუსიკალური, მდინარეც, მაგრამ სხვა, სადაც გვესმის დროისა და ბუნების გულისცემა, რომელიც პოეტს სიტყვებში დაუტყვევებია, რათა მკითხველი თან გაიყოლოს ნოსტალგიისა და მედიტაციისკენ მიმავალ ფიქრებში. სიტყვები სუფთაა, სპეტაკი, როგორც თოვლი, და ოსტატობით აგებულ ქმნილებებს სახავენ.
ეს წიგნი ბრწყინვალე საჩუქარია ქართველი პოეზიის მოყვარულთათვის. ივ ბონფუას პოეზიის კრებული პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. თარგმანი ეკუთვნის მერაბ მიქელაძეს, რომელმაც აგრეთვე სხვა ფრანგული პოეზიის შესანიშნავი თარგმანებით გაგვანებივრა - ლაფონტენი, ვიქტორ ჰიუგო, ბოდლერი და ა.შ.
ივ ბონფუას „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ ქართულ ენაზე გამოიცა გამომცემლობა აგორას მიერ ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში.