სელია აჰავას "ციდან ჩამოვარდნილი საგნები" სტატიის ავტორი ნანა ლალიაშვილი
სელია აჰავა თანამედროვე ფინელი მწერალი და სცენარისტია. მას დაწერილი აქვს რამდენიმე რომანი. რომანისთვის „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ სელია აჰავას 2016 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიენიჭა.
წიგნის მთავარი გმირი რვა წლის გოგონაა, სახელდ სარა, რომელიც ფინეთის ერთ პატარა სოფელში ცხოვრობს.
სარასთან ერთად, სარას გვერდით, სარას ფიქრებით და აღმოჩენებით გავეცნობით მის დედას, რომელსაც მზა ზღაპრების არევ-დარევა უყვარდა, რადგან მათი დალაგებულად მოყოლა მოსაწყენად მიაჩნდა; სარას მამას, რომელიც ვერაფრით შეურიგდა ცოლის დაკარგვას და სახლის გამოცვლაც კი გადაწყვიტა ამის გამო; სარას მამიდა ანუს, რომელმაც ორჯერ მოიგო ჯეკპოტი. მამიდა ანუ დიდი შოკის ქვეშ მოექცა, რადგან ვერ მიაგნო პასუხს კითხვაზე: „რატომ მე“? რამე უნდა ეღონა, ცხოვრება რომ გაეგრძელებინა, ამიტომ თავისნაირების ძებნა დაიწყო და მიაგნო სამჯერ მეხდაცემულ შოტლანდიელ მეთევზეს, რომელიც ასევე იტანჯებოდა, რადგან ვერ მიეგნო პასუხისთვის შეკითხვაზე „რატომ მე? “
ზოგჯერ რამე მოვლენა სულაც არ ჩანს მნიშვნელოვანი; მაგრამ ადამიანის ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს.
სარას მონათხრობიდან ვიგებთ, რომ იგი ტელევიზორში დეტექტივებს უყურებს; ოღონდ იმიტომ, რომ დედას უყვარდა ერკუელ პუარო. სარას უამრავი დაუსრულებელი საქმე აქვს; სარას საიდუმლო ოთახი აქვს, სადაც დროდადრო იმალება. ძალიან შთამბეჭდავია პასაჟი, როცა სახლში რემონტის გაკეთება გადაწყდება და ჩამოხეული შპალერის უკან წინა ცხოვრების კვალი გამოჩნდება.
ადამიანები, რაც არ უნდა შეემთხვათ, ეძებენ გზებს, რომ ცხოვრება განაგრძონ. ეს შემთხვევები კი წიგნში სულ სხვაგვარად კლასიფირცდება. ცხოვრებაში მიჩვეული ვართ, ყველა შემთხვევას დავარქვათ ჩვენთვის კარგი ან ჩვენთვის ცუდი, პოზიტიური ან ნეგატიური. წიგნში კი ვხედავთ, რომ შემთხვევების ადამიანზე ზეგავლენა ძალიან რთულად შესაფასებელია; ზოგჯერ კარგი ჩვენთვის ცუდია, ცუდი კი ჩვენთვის კარგი, ან ორივე ერთმანეთშია შერეული.
როცა ბავშვი მგრძნობიარეა და დაკვირვება უყვარს, როცა მას ცხოვრება არ ანებივრებს, იგი ფიქრს იწყებს და ბევრჯერ აკვირვებს მკითხველს, თავისი აზრებით, მიგნებებით.
ბევრს ალბათ არც ახსოვს, რას აკეთებდა რვა წლის ასაკში, რას ფიქრობდა. მწერლის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბავშვის ენით მოთხრობილი ამბავი საოცარი სინაზით და აღფრთოვანებით განგაწყობთ მთავარი პერსონაჟის მიმართ.
ვფიქრობ, ქართველი მკითხველისთვის საინტერესო იქნება ფინელ გოგონასთან შეხვედრა, მისი ტკივილებისა და სიხარულების გაცნობა, ასევე იმ ძალის აღმოჩენა, რაც პატარა გოგონას ცხოვრების იმედიანად გაგრძელების საშუალებას აძლევს.
რომანი ფინურიდან ბრწყინვალედ თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა. წიგნი გამოიცა გამომცემლობა აგორას მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში.