მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში
ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ მხარს უჭერს ევროპული ლიტერატურის თარგმნისა და პოპულარიზაციის ინიციატივებს. მისი მიზანია, გააფართოვოს ევროპის მრავალფეროვანი ლიტერატურის გავრცელება სხვადასხვა ქვეყანაში და ხელი შეუწყოს ევროპელ ავტორებს ახალი პუბლიკის მოპოვებაში.
ეს არაჩვეულებრივი შესაძლებობაა ქართული გამომცემლობებისთვის. ქართველ მკითხველისთვის ყოველთვის საინტერესო იყო და არის ახალი გვარების, ახალი ნაწარმოებების გაცნობა. მარადიული პრობლემებისა და ღირებულებების თანამედროვე ხედვა, იმის ცოდნა, თუ როგორ ვითარდება მსოფლიო ლიტერატურა, რა ახალი ტენდენციები და მიმდინარეობები დღეს.
გამომცემლობა აგორამ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა ამ პროგრამაში და ამჯერადაც შესანიშნავი საჩუქარი გაუკეთა ქართველ მკითხველს.
პირველად ეს მოხდა 2017-2018 წლებში, როცა ეროკავშირის მხარდაჭერით პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში განახორციელა მთარგმნელობითი პროექტი „ევროპული ლიტერატურის მოზაიკა“. ამ პროექტის ფარგლებში ათი ევროპელი მწერლის წიგნი პირველად ითარგმნა და გამოიცა ქართულ ენაზე. ამ ავტორთა უმეტესობას პირველად გაეცნო ქართველი მკითხველი. ეს ფრანგი, თურქი, ირლანდიელი, იტალიელი, ინგლისელი, ბელგიელი მწერლების საბავშვო თუ მოზრდილთათვის განკუთვნილი წიგნები დღესაც გაყიდვაშია და ნებისმიერს შეუძლია ისიამოვნოს მათი წაკითხვით:
რომენ გარის „მშვიდობით გარი კუპერ“, მთარგმნელი მზია გომელაური;
იზაბელ ვერის „უძვლო მერლინი“, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
იტალო კალვინოს „ბარონი ხეზე“, მთარგმნელი ილია გასვიანი;
ჩილერ ილჰანის „გადასახლება“, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი ნანა ჯანაშია;
ევი ვაილდის „ყველა ჩიტი გალობს“, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
დონალ რაიანის „გული ფრიალებს“, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
და დანიელ პენაკის საბავშვო წიგნის „კამოს თავგადასავალი“ ოთხივე ტომი: „კამო ანუ საუკუნის იდეა“, „კამო და მე“, „კამო და სააგენტო „ბაბილონი“, „კამოს გაქცევა“, მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილი.
წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით და პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ ფარგლებში, გამომცემლობა აგორამ დაასრულა მეორე მთარგმნელობითი პროექტი „მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში“, რომელიც 2020 წლის იანვარში დაიწყო. ამ პროექტით დღის სინათლე იხილა ევროპელ მწერალთა ნაწარმოებების კიდევ რვა ახალმა თარგმანმა. ამ ნაწარმოებთა ავტორები ფრანგი, ბელგიელი, ფინელი, შვედი, იტალიელი მწერლები არიან და პროექტის ფარგლებში შერჩეული წიგნები სხვადასხვა ჟანრს განეკუთვნება: ესენია რომანები, მოთხრობები, პოეზია, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა:
სელია აჰავას „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“, რომანი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი დიმიტრი გოგოლაშვილი;
გაელ ჟოსის „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“, რომანი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
ემანუელე ტრევის „რაღაც ნაწერი. პიერ პაოლო პაზოლინისთან შეუძლებელი შეხვედრის თითქმის ნამდვილი ამბავი“, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის ლაურეატი, მთარგმნელი როზა ოდიშვილი;
ფილიპ ჯიანის „ნიანგები“, ნოველების კრებული, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
ტომა გუნზიგის „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“, ნოველების კრებული, მთარგმნელი თამარ ხოსრუაშვილი;
ივ ბონფუას „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“, პოეზიის კრებული, მთარგმნელი მერაბ მიქელაძე;
ანჯელა ნანეტის „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა, მთარგმნელი როზა ოდიშვილი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია „წლის საუკეთესო საბავშვო-საყმაწვილო წიგნის თარგმანი“, 2021.
მარია გრიპეს „ფუნდურა მხოლოდ ბინდში დაფრინავს“, საბავშვო-საყმაწვილო ლიტერატურა, მთარგმნელი დიმიტრი გოგოლაშვილი.
როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი „მოგზაურობა ლიტერატურულ ევროპაში“ გამოირჩევა ლიტერატურის არა მარტო გეოგრაფიული, არამედ ჟანრობრივი მრავლფეროვნებით.
პროექტის ფარგლებში გამოცემულია ორი რომანი - ფინელი და ფრანგი მწერლების, რომელთაც სხვადასხვა წელს მიღებული აქვთ ევროკავშირის ლიტერატურული პრემიები.
სელია აჰავას „ციდან ჩამოვარდნილი საგნები“ უცნაური სათაურის უცნაური წიგნია. პერსონაჟებიც უცნაური ბედის ადამიანები არიან. პატარა გოგონა სარა, რომლის ცხოვრებაზეც ზემოდან ჩამოვარდნილი საგანი დიდ გავლენას მოახდენს, თავის ამბავს ჰყვება და მის ირგვლივ მყოფი ადამიანების ცხოვრებას აკვირდება. მამას ძალიან გაუჭირდა შეცვლილი ცხოვრების გაგრძელება, სარა ცდილობს გააანალიზოს მისი მდგომარეობა და იპოვოს გზა, რომელსაც მამას შესთავაზებს. მამიდა ანუს ისეთი სასიხარულო ამბავი შეემთხვა, რომ დაჯერება უჭირდა. ხოლო როცა ეს ამბავი მეორედ „დაატყდა თავს“, სიხარულის ნაცვლად საბრალო ქალი დეპრესიაში ჩააგდო. „რატომ მე?“ - დაუსვა შეკითხვა ქალმა თავის თავს და დარჩენილი ცხოვრება პასუხის ძებნაში გაატარა. გაიელვებენ თანასოფლელები, მეზობლები, მასწავლებლები, პოლიციელები - სარა ყველას აკვირდება და ყველას საქციელს ახსნას უძებნის, შემდეგ აანალიზებს და დასკვნებს აკეთებს ცხოვრების შესახებ, რომელიც წინ ელის და რომელსაც უნდა რომ ამიერიდან მომზადებული შეხვდეს. აქ შეხვდებით ადამიანს, რომელსაც ასევე ციდან ჩამოვარდნილი მეხი რამდენჯერმე დაეცა და ყოველ ჯერზე ცოცხალი გადარჩა... იქნებ, ამ უცნაური ბედის ადამიანებმა ერთმანეთი უნდა მოძებნონ, გაერთიანდნენ, იმეგობრონ და ერთად გაუსწორონ თვალი თავს დატეხილ თუ ციდან ჩამოვარდნილ ამბებსა და საგნებს, პოზიტიურსა თუ ნეგატიურს? მწერლის ხელოვნებაც ესაა, რომ ისე გვაწვდის რვა წლის გოგონას აზრებს, მსჯელობას, რომ თან აღფრთოვანებული ვრჩებით პატარა ბავშვის მიგნებებით, და თან არ გვავიწყდება, რომ ის ჯერ კიდევ პატარაა, იქნებ იმ ასაკისაც კი, რომლის დროინდელი საკუთარი ბავშვობა და ფიქრები აღარც კი გვახსოვს...
გაელ ჟოსის „ელის აილენდის უკანასკნელი მცველი“ ჩვენი ცივილიზაციის ერთ ლეგენდარულ ადგილზე და კაცობრიობის ისტორიის ერთ ნიშანდობლივ პერიოდს ეხება. ელის აილენდი, ნიუ-იორკთან მდებარე კუნძული, თავისუფლების ქანდაკების გვერდით, 1892 წლიდან 1954 წლამდე ამერიკაში მიმავალი იმიგრანტების აუცილებლად გასავლელი პუნქტი იყო. საიმიგრაციო ბიურომ ამ სამოცდაორი წლის განმავლობაში 12 მილიონი იმიგრანტი მიიღო. იურიდიული, სამედიცინო და სხვა შემოწმებების, გასაუბრებების საფუძველზე იქ წყდებოდა იმიგრანტთა ბედი - მისცემდნენ უფლებას, რომ ამერიკის მოქალაქეები გამხდარიყვნენ, თუ სამუდამო უარით უკან გააბრუნებდნენ. დღეს ელისის კუნძულზე საიმიგრაციო მუზეუმია, სადაც ტურისტებს, სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, იმის საშუალებაც აქვთ, რომ კუნძულზე პასუხის მომლოდინე იმიგრანტთა ფოტოები დაათვალიერონ. სწორედ ამ ფოტოებმა გადააწყვეტინა მწერალს წიგნის დაწერა. მთავარი პერსონაჟი, ჯონ მიტჩელი, საიმიგრაციო ბიუროს დირექტორი, რომელმაც ელის აილენდზე სამსახურში ორმოცი წელი გაატარა, განვლილ ცხოვრებას იხსენებს, რომელიც კუნძულის ცხოვრებასთან განუყრელადაა გადაჯაჭვული. მის მოგონებებში რეალური, ისტორიული პიროვნებებიც ხვდებიან, გამოგონილი პერსონაჟებიც. მთლიანობაში კი წიგნი საოცრად ემოციურია, მკითხველს ოკეანის გადაღმა ამოგზაურებს, ერთი საუკუნის წინ გადააფრენს და იმ ადამიანთა თვალებში ჩაახედებს, ვინც დიდი ტკივილით ამოიგლიჯა გულიდან საკუთარი სამშობლო, ყველაფერი ძვირფასი, რაც აქამდე გააჩნდა, და ახალი, უკეთესი ცხოვრების იმედით ოკეანე გადმოლახა, გაუსაძლის მგზავრობის პირობებს გაუძლო ერთი-ორი პატარა ფუთით, სადაც ორიოდე ხელი ტანსაცმელი - და მათ შორის აუცილებლად ერთი ეროვნული სამოსი, საუკეთესო თავის ქვეყანაში -, შეიძლება ჰარმონიკა ან სხვა მუსიკალური ინსტრუმენტი, რათა თავისი ქვეყნის მელოდიები არ დაჰკაგვოდა, და რამდენიმე ფოტო თუ ედო. იმ ადამიანთა თვალებში მკითხველი მტკიცე გადაწყვეტილებას და პასუხის მოლოდინით გაწვრილებული გულის ანარეკლს დაინახავს. ასევე შიშს, ერთი მხრივ, შიშს იმისა, რომ თუ ამერიკის მიწაზე ცხოვრების ნება მისცეს, როგორ მიიღებს მას ახალი ცხოვრება, რა ბედს უმზადებს? მეორე მხრივ კი, რა ეშველებათ, უარი რომ უთხრან და ოქროს კარიბჭე ცხვირწინ მიუკეტონ? როგორ უნდა დაბრუნდნენ იმ ადგილას, რომელიც უკვე გამოიტირეს, რომელზეც უკვე უარი თქვეს, სადაც აღარაფერი გააჩნიათ?.. გაელ ჟოსმა ამ პატარა რომანით პატივი მიაგო იმ 12 მილიონ ადამიანს, რომლებმაც გადასახლების გემო იწვნიეს; ასევე იმ ადამიანებს, რომელთა ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის და რომელთა ბოლო წერტილიც ელის აილენდი აღმოჩნდა, ნიუ-იორკის სანაპიროს ცათამბჯენების ხედი დაინახეს და გაწბილებულებს უკან დაბრუნება მოუწიათ; ელის აილენდის უკანასკნელ ტყვეს - არნე პეტერსონს, ისტორიულ პიროვნებას, რომელმაც რამდენიმე თვე გაატარა კუნძულზე სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში და რომელსაც ამერიკაში ცხოვრებაზე უარი უთხრეს; და ამავე დროს იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც ელის აილენდის იმიგრაციული ბიუროს დაარსებამდეც და მისი დაკეტვის შემდეგაც დღემდე, გადასახლებაში მიდიოდნენ და მიდიან...
პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნებიდან ორი ნოველების კრებულია, ფრანგი და ბელგიელი მწერლების.
ფრანგი მწერლის, ფილიპ ჯიანის „ნიანგები“ მოიცავს ექვს ნოველას, რომლებიც სხვადასხვა ასაკის მამაკაცებზე, მათ იმედგაცრუებებზე, წარუმატებლობებზე მოგვითხრობენ. 16 წლის მოზარდის დაბნეულობას ცვლის მამა-შვილის უთქმელი, მაგრამ მონატრებული ურთიერთობა, მწერლისა და მისი კრიტიკოსის ქიშპობა აგარაკზე, ცხოვრების სიამეებით განებივრებული, ტრაბახა მაგრამ უკვე ასაკში შესული მამაკაცის კრახი სულ მცირე სითბოს მოლოდინში... ადამიანები, რომელთაც სიყვარული და სითბო სწყურიათ, თვითონ აგრესიას იჩენენ გარემომცველი სამყაროს მიმართ. „ნიანგი მგრძნობიარე ცხოველია, თუმცა სქელი ტყავი აქვს“, - გვაფრთხილებს მწერალი დასაწყისშივე.
ბელგიელი მწერლის, ტომა გუნზიგის „ჩემ გარდა არავინ მომკვდარა“ მოიცავს თორმეტ ნოველას. ისინი, ისევე როგორც ტომა გუნზიგის თითქმის ყველა ნაწარმოები, შავი იუმორითაა დაწერილი. მწერალი დასაწყისშივე აფრთხილებს მკითხველს, რომ ყველაფერში წყალწაღებული ტიპის ნაწერს სთავაზობს და მართლაც, პირველივე ნოველა სამ უმაქნისსა და ამის გამო მთელ სამყაროზე გაბოროტებულ სამ ადამიანს ეხება. მათ მთელი ცხოვრება ყველაზე ცუდი სამსახურები ჰქონიათ, მხოლოდ ისეთ ქალებთან დაწოლილან, რომლებსაც სხვები ზედაც არ უყურებდნენ, სძულთ მთელი სამყარო, სძულთ თითო-ოროლა შემორჩენილი ოჯახის წევრი, სძულთ ერთმანეთიც კი. მხოლოდ იმიტომ გაერთიანდებიან, რომ შური იძიონ ყველა ადამიანზე. მაგრამ უვარგისს შეიძლება განა რამე გამოუვიდეს?.. და ასე, მძივებივით ჩაწიკწიკებული პატარ-პატარა მოთხრობები გვიყვებიან ომზე, მაზოხიზმზე, მარტოობაზე, სასოწარკვეთილებაზე, ან უბრალოდ, რაღაც საშინელებებზე, რომლებიც შეიძლება მწერლის საკუთარ შიშებად და ფანტაზმებადაც ჩაითვალოს. მაგრამ შეუძლებელია ღიმილის და გაცინების გარეშე მათი წაკითხვა. მწერლის დაუშრეტელი იუმორი ყველაზე საშინელ პასაჟსაც კი სახალისო წასაკითხს ხდის. ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ვინმეს ვაკრიტიკებ ჩემზე მეტად, იკითხება სათაურში ჩადებული აზრი - არა, ეს მხოლოდ მე ვარ, ჩემი დაუნდობელი და ფანტაზიას აყოლილი ტვინია, მხოლოდ ჩემ თავს დავცინი და ვკლავ... ძალიან შთამბეჭდავია ამ ნოველების ქართულ ენაზე წაკითხვა, მით უმეტეს იმიტომ, რომ ქართველი მკითხველები განებივრებულები არ ვართ შავი იუმორით დაწერილი ლიტერატურული ნაწარმოებებით.
პროექტის ფარგლებში გამოცემული ერთ-ერთი წიგნი თითქმის რომანია, მაგრამ ამავე დროს ატარებს ავტობიოგრაფიული, დოკუმენტური პროზის, ესეის და სხვა ლიტერატურული ჟანრების ელემენტებს. ეს გახლავთ იტალიელი მწერლის, ემანუელე ტრევის „რაღაც ნაწერი. პიერ პაოლო პაზოლინისთან შეუძლებელი შეხვედრის თითქმის ნამდვილი ამბავი“, რომელსაც ასევე მიღებული აქვს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია. მწერალი მოგვითხრობს იმ პერიოდის ამბებს, როდესაც პიერ პაოლო პაზოლინის ფონდში სტაჟიორად მუშაობდა, რათა მისი ინტერვიუები მოეგროვებინა და წიგნად გამოეცა. ფონდის დირექტორი იმ დროს იყო პაზოლინიზე უზომოდ შეყვარებული მსახიობი და მომღერალი ლაურა ბეტი, რომელსაც გაუწონასწორებელი ხასიათის გამო მწერალი მეტსახელად „გიჟს“ უწოდებს. წიგნში ამავე დროს მოცემულია ძალიან საინტერესო ანალიზი პაზოლინის ბოლო, დაუსრულებელი წიგნისა „ნავთობი“, და მისი ფილმისა „სოლო“. აქ იპოვით გასაღებს ბევრ საკითხზე, რომელიც გაუთვითცნობიერი მკითხველისთვის და მაყურებლისთვის შეიძლება ძნელად გასაგები იყოს პაზოლინის შემოქმედებაში.
პროექტის ერთ-ერთი წიგნია ივ ბონფუას ლექსების კრებული „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“. ივ ბონფუა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისის უდიდესი ფრანგი პოეტი და მოაზროვნეა, ამავე დროს შექსპირის ფრანგულად მთარგმნელი და ხელოვნებათმცოდნე. იგი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატია საფრანგეთშიც და მის საზღვრებს გარეთაც. „მოძრაობა და უძრაობა დუვისა“ ივ ბონფუას პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ლექსების კრებულია, რომელიც 1953 წელს წელს გამოქვეყნდა. იგი ხუთი ნაწილისგან შედგება: თეატრი, უკანასკნელი ჟესტები, დუვი ლაპარაკობს, ორანჟერია, ნამდვილი ადგილი, და პოეტის ჩანაფიქრის მიხედვით, ლექსები თანმიმდევრულად გვესაუბრებიან სიკვდილზე, მარადიულობაზე, სიცოცხლის დაბრუნებაზე. დუვი, რომელიც ციხესიმაგრეს გარსშემორტყმული წყლიანი არხია, კრებულის მთავარი პერსონაჟია. იგი მრავალფეროვანი არსებაა, ადამიანურიცაა, ცხოველურიც, მინერალურიც. ეს არის პოეტის მცდელობა, გვაჩვენოს მიწიერი სიცოცხლე იდეალის და აბსოლუტის გარეშე, თუკი შევიცნობთ სიკვდილს. დუვი ჩნდება იმიტომ, რომ შემდეგ გაქრეს. მაგრამ მიზანი ის კი არ არის, რომ იგი შეიწიროს, რათა განიწმინდოს, არამედ ის, რომ მისი წყალობით გაიხსნას სხვა ჭეშმარიტება - არსებობის ჭეშმარიტება. როგორც თვითონ ივ ბონფუამ განმარტა ერთ-ერთი გამოსვლისას: „სიბნელის ცერემონია მთელი შემოქმედების ფატალურობას წარმოადგენს“. სწორედ ასეთი ცერემონიის მომსწრე ვხდებით ამ ლექსების კრებულის წაკითხვისას.
როგორც დასაწყისშივე გითხარით, პროექტის ფარგლებში ორი საბავშვო-საყმაწვილო წიგნიც გამოიცა. ესენია იტალიელი და შვედი მწერლების ნაწარმოებები.
იტალიელი მწერლის ანჯელა ნანეტის წიგნი „ბაბუაჩემი ალუბლის ხე იყო“ გამოსვლისთანავე მრავალი ნომინაციით აღინიშნა და რაოდენ სასიამოვნოა, რომ სწორედ ამ ნაწარმოების ქართულმა თარგმანმა მიიღო 2021 წელს იაკობ გოგებაშვილის პრემია საბავშვო-საყმაწვილო წიგნის წლის საუკეთესო თარგმანისთვის. წიგნი მოგვითხრობს პატარა ბიჭის, ტონინოს ამბავს, რომელსაც თავს ახვევია დედა, მამა, ორი ბებია-ბაბუა და მათი სიყვარულით და სითბოთი განებივრებული იზრდება. განსაკუთრებით სოფელში მცხოვრები ბებია-ბაბუა უყვარს და ცდილობს მათგან ბევრი რამ ისწავლოს. მაგრამ მუდმივი არაფერია და როცა ბაბუა ტონინოს გვერდით აღარ არის, ტონინო იხსენებს მის ნასწავლ ხეზე აძრომის ტექნიკას და ბაბუას საყვარელი ალუბლის ხის გადასარჩენად თავგანწირვით იბრძვის.
მარია გრიპე შვედი ბავშვების და მოზარდების საყვარელი მწერალია. მის წიგნებში ხშირად შეხვდებით იდუმალებას, რამე საიდუმლოს, რომელსაც მოზარდები ხსნიან. სწორედ ერთ ასეთ ამბავს გვიყვება წიგნი „ფუნდურა მხოლოდ ღამით დაფრინავს“. სამი მოზარდი ორი ეგვიპტური ქანდაკების შვედეთში ჩამოტანის ამბავს იგებს და მათ კვალს ეძებს. ყმაწვილების არაჩვეულებრივ თავგადასავალს ფონად გასდებს შვედეთის პატარა სოფლის პერსონაჟები, ლოთი მეზობელი, კეთილი კიურე, ისტორიის მასწავლებელი და სხვ. მათ შორის ერთი დაუჯერებელი პერსონაჟიც, რომელიც დავიდს ტელეფონით ეთამაშება ჭადრაკს.
ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მხარდაჭერის და გამომცემლობა აგორას ძალისხმევის წყალობით დღეს ჩვენი მკითხველები უკვე ქართულ ენაზე ეცნობიან ბელგიელ, იტალიელ, თურქ, ფინელ, შვედ, ირლანდიელ, ინგლისელ მწერლებს, რომელთა ნაწარმოებებიც გამორჩეულია თავიანთ ჟანრებში.