William Saroyan's Aram
უილიამ საროიანის საბავშვო მოთხრობების კრებულის „მე მქვია არამის“ შესახებ, რომელიც ინგლისურიდან თარგმნა მანანა სეხნიაშვილმა, გამომცემლობა აგორა
უილიამ საროიანი ერთ-ერთი კოლორიტული ფიგურაა მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. იგი კალიფორნიაში, ქალაქ ფრესნოში დაბადებული, სომხური წარმოშობის ამერიკელი მწერალია. მსოფლიო აღიარებამდე დიდი ხნით ადრე კი, მრავალჭირნახული ბავშვობა და ახალგაზრდობა გაიარა. სამი წლის ასაკში მამით დაობლდა და და-ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში მოხვდა, სადაც რამდენიმე წელი გაატარა, სანამ დედასთან დაბრუნდებოდა. ჯერ კიდევ მცირე ასაკის იყო, როცა მუშაობა დაიწყო, რათა დედას ფინანსურად დახმარებოდა ოჯახის რჩენაში. თხუთმეტი წლის ასაკში უილიამ საროიანმა სკოლა მიატოვა და განათლება თავისით, კითხვის საშუალებით მიიღო. უილიამ საროიანს რამდენიმე ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, თუმცა პირველზე - პულიცერის პრემიაზე, რომელიც მისი ერთ-ერთი პიესისთვის მიანიჭეს, უარი თქვა. განაცხადა, რომ იგი არაფრით იყო მის მიერ დაწერილს სხვა ნაწარმოებებზე უკეთესი. უილიამ საროიანის ნაწარმოებების მიხედვით ორი ფილმია გადაღებული.
საბავშვო მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ საერთაშორისო ბესტსელერია. იგი ერთგვარად ავტობიოგრაფიულიც არის და არც არის. როგორც თვითონ ავტორი წერს, მისი ნათესავებიდან ვერც ერთი ვერ გააიგივებს საკუთარ თავს მოთხრობების რომელიმე პერსონაჟთან, მაგრამ ამავე დროს, ვერც ერთი ვერ იტყვის, რომ ეს პერსონაჟები მისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ისინი დასურათხატებული ამბების გმირებივით ბინადრობენ ერთ უსახურ ქალაქში, რომელიც, მწერლის სიტყვებით რომ ვთქვათ, არც ძალიან დიდია და არც ძალიან პატარა, არც ძალიან ურბანული, არც ძალიან სოფლური, არც ძალიან პროგრესული, არც ძალიან ჩამორჩენილი, არც ძალიან ათლეტური, არც ძალიან კოჭლი, არც ძალიან ჭკვიანი, არც ძალიან სულელი, არც ძალიან ხრიოკი, არც ძალიან აყვავებული, მაგრამ ამ ყველაფერში, ისე როგორც სხვა რამეებში და კიდევ ისეთ რამეებში, რაც სხვაგან არც იციან რა არის, იგი ინარჩუნებს დელიკატურ, ლამაზ, სასიამოვნო წონასწორობას.
ვინ არის არამ გაროღლანიანი? პატარა ბიჭი, რომელიც კალიფორნიის ამ უსახურ ქალაქში ცხოვრობს და ნათესავების გარემოცვაში იზრდება. იგი საზრდოობს ღირებულებებით, რომლებსაც ოჯახის წევრები და ახლობლები უნერგავენ - ამაყები ძველი ისტორიით, ძველი ქვეყნით, საიდანაც მოდიან... არამის თავს გადახდენილი სასაცილო ამბები გამსჭვალულია პერსონაჟების გულებიდან გამომავალი სითბოთი, ღირსების გრძნობით, და რაც მთავარია, პოეზიით. მწერალი პერსონაჟთა ერთი ნაწილის პოეტურ ბუნებას უპირისპირებს დანარჩენთა პრაქტიკულ აზროვნებას; დიახ, შეიძლება „პოეტები“ ყოველთვის არ იყვნენ პრაქტიკულები, მაგრამ ისინი სამყაროს ბევრად უფრო ფერად და საინტერესო ადგილად აქცევენ.
პატარა არამს სჯერა, რომ სკოლა მხოლოდ მცირეოდენი განათლებისთვისაა საჭირო და როდესაც ქალაქში ერთი დღით ცირკი ჩამოდის, სკოლის მცირეოდენი განათლება რა მოსატანია ცირკის დიდებულებასთან?
მან კარგად იცის, რომ გაროღლანიანთა გვარი ქურდობას არასოდეს იკადრებს და ამიტომ, ბიჭების საოცნებო ულამაზესი თეთრი ცხენი, რომელზეც მისი ბიძაშვილი ამხედრებულა, შეუძლებელია მოპარული იყოს. მათი გვარი ხომ პატიოსნებით არის განთქმული!
ბიძია ჯორჯი მთელი დღე ხის ქვეშ ზის, ციტრაზე უკრავს და ნერვებს უშლის ოჯახის უხუცესს, რომლისთვისაც კაცი მაშინ არის საქები, თუ ვინმესთან მომგებიან გარიგებას დადებს. მაგრამ როცა მოხუცი ერთი თვის განმავლობაში ვერ ნახავს შვილს, ოთახში ადგილს ვერ პოულობს და მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავს მშვიდად და მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება სახეზე ბედნიერი ღიმილი, როცა დაბრუნებული ჯორჯი ისევ ხის ქვეშ ჩამოჯდება და ციტრას აახმიანებს.
ამ მოთხრობებში შეხვდებით პრესვიტერიანელ მომღერალ ბიჭებს - არამს და მის მეგობარს -, რომლებიც უხუცესის შეგონებას პირნათლად ასრულებენ და გასამრჯელოს ითხოვენ არა მხოლოდ სიმღერაში, არამედ ხმის ამოუღებლად დგომაშიც კი - რაკი დაინახავენ, რომ ერთ მორწმუნე ქალბატონს ძალიან სურს მათი ეკლესიაში ყოფნა... თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, ყმაწვილი არამი მძღოლად იწყებს მუშაობას ოჯიბვეის ტომის ინდიელთან სრულიად უსასყიდლოდ, იმიტომ რომ არაფერი შეედრება საოცნებო მანქანის ტარებას. არადა, მისი ოჯახი ისეთ სიღარიბეში ცხოვრობს, რომ ვერავინ ხვდება, როგორ არ იხოცებიან შიმშილისგან. არამი და მისი მეგობრები ადრეული გაზაფხულის ცივ წყალში საბანაოდ ისე შევლენ, ერთს არ დაიწუწუნებენ, რადგან ეს ღირსების საქმედ მიაჩნიათ. არამი თავისი ბიძის მესაიდუმლე ხდება, რომელიც სხვებისგან მალულად ყიდულობს მიწის დიდ ტერიტორიას, რათა იქ ბროწეულის ბაღი გააშენოს, რადგან ამაზე მშვენიერი სანახაობა ვერ წარმოუდგენია. შეხვდებით ნარდის მოთამაშე ბიძია ხოსროს და მის უცნაურ მეგობარ არაბს, რომელსაც საკუთარი სამშობლო ენატრება; პატარა ქალაქის სურსათის მაღაზიის გამყიდველს, რომელიც პოეზიის ენით ლაპარაკობს და სულ არ ენაღვლება, ვინმეზე თუ გიჟის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„შეწყვიტე ფიქრი რამის გასარკვევად და უბრალოდ იწამე. [...] ყველაფერი, რაზეც ფიქრობ, რაც არის შენ მარცხნივ, მარჯვნივ, ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით, სამხრეთით, დასავლეთით, ზემოთ, ქვემოთ, ირგვლივ, შიგნით, გარეთ, რაც ხილულია, რაც უხილავია, რაც ცუდია, რაც კარგია, ან არც ერთია, ან ორივე ერთად“, - არიგებს უცნობი მისიონერი არამს და, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს შეგონება მას მთელი ცხოვრება მიჰყვება.
უილიამ საროიანის ამ საბავშვო მოთხრობებში მწერლის უდიდესი ჰუმანურობა, ადამიანებისადმი სიყვარული იგრძნობა. იგი პატარებს აჩვენებს, რომ არა მხოლოდ დალხენილი ცხოვრების დროს, არამედ გაჭირვებისა და სიღარიბის დროსაც კი, უნდა შეეძლოთ გაცემა.
პატარები, რომლებიც უილიამ საროიანის მოთხრობებს წაიკითხავენ, აღარასოდეს იქნებიან ისეთები, რომლებიც მათ წაკითხვამდე იყვნენ, ისინი ვერასოდეს დაივიწყებენ იმ განცდებს, გრძნობებს, რომლებსაც ამ წიგნის წაკითხვისას იგრძნობენ, იმ აღმოჩენებს, ადამიანური ბუნების ღირსებებს, რასაც მასში დაინახავენ; იმ ყველაფერს, რაც ამ კრებულს მუდმივ კლასიკად აქცევს.
წიგნი გამიზნულია 7-12 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ეს ის ასაკია, როცა ბავშვი იწყებს კითხვას (ან სულ ახალი დაწყებული აქვს) და ახალი, წიგნის სამყაროს აღმოჩენის პროცესშია. სწორედ ამ დროს სჭირდებათ მათ, წიგნის საშუალებით დაინახონ სამყაროს მრავალფეროვნება და სილამაზე, რათა წიგნი განუყრელ თანამგზავრად აქციონ. ამ თვალსაზრისით, ეს წიგნი საინტერესოა დაწყებითი და საშუალო სკოლის პედაგოგებისთვის. თუმცა, როგორც ყველა კლასიკური საბავშვო წიგნი, „მე მქვია არამი“ გამიზნულია ყველა ასაკის ფართო საზოგადოებისთვისაც, რადგან იგი უფროსებს დაანახვებს ბავშვების განცდებს თვით ბავშვების თვალით. უილიამ საროიანის საბავშვო მოთხრობების კრებული „მე მქვია არამი“ გამოიცა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელშეწყობით.