• -

  • 01 Jul, 2024

Children of the lichen by Maya Cousineau Mollen

მაია კუზინო მოლენი კანადელი აბორიგენი პოეტია, რომელიც თავის პოეტურ კრებულში: ლიქენების შვილები, რასიზმით დადაღულ თავის ცხოვრებას გულსმოუშორებელი დარდითა და ტკივილით გადმოსცემს. არ არის შემთხვევითი თავად კრებულის სახელწოდებაც: ლიქენები სოკოა, რომელიც წყალმცენარესთან ერთად არსებობს, რითაც ავტორი საპირისპიროთა თანაარსებობაზეც მიგვითითებს და ასევე გამძლეობაზეც, რადგან ლიქენებს თვითაღდგენის საოცარი უნარი აქვთ. ეს სათაური ბუნებასთან დაბრუნების ცდაცაა, დაბრუნება ფესვებთან, მშობელ მიწასთან, რომელსაც ავტორი ხშირად ნეიტრალური სიტყვით: ტერიტორიით იგონებს: თვალები დავხუჭე უკეთ რომ შემეგრძნო შენი ტერიტორიების წიაღით თრობა.

მაია კუზინო მოლენი ჩრდილოამერიკული ინუს ტომის მკვიდრია. ის ევროპელმა მშობლებმა გაზარდეს, თუმცა, თავის გენეტიკურ მშობლებთან და წინაპრებთან მას ურთიერთობა არ დაუკარგავს; წერს ფრანგულ ენაზე, თუმცა, ხშირად ინუს ენაც შემოაქვს პოეზიაში, რათა ჟანგბადის ბალიში ასუნთქოს დავიწყებისა და განადგურების პირას მისულ საკუთარ ენასა და კულტურას. ყოველივე მშობლიურის ტკივილიანი განცდაა მის ყოველ პოეტურ ფრაზაში. პირველი ერები, ასე დაერქვა ამერიკის პირველმოსახლეებს, რომლებიც, პარადოქსულად, ახალმოსულთაგან დევნისა და განადგურების სამიზნედ იქცნენ. ვერც პოეტი პასუხობს თავისივე გულუბრყვილო კითხვას თუ რატომ? რატომ ამდენი რასიზმი, სიძულვილი და დევნა? არადა მათი კულტურაც ხომ უძველესია, თვითმყოფადია, მაღალსულიერია და ვის ქონდა უფლება მისი ასე ხელაღებით მოსპობისა? 6.1 - ეს გახლავთ აბორიგენის სახელმწიფო კოდი, რომლითაც თავად პოეტი მაია კუზინო მოლენია დადაღული, ვისაც ორივე მშობელი აბორიგენი ჰყავს. შემზარავი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ ეს პირველი ერები (Premières Nations), მზარდმა კოლონიალიზმმა სილაღე და თავისუფლება ერთბაშად რომ გაუქრო: ცივ წყლებზე გაბატონებული ხალხი, პოლარულ დათვებზე მოჯირითენი, შავ ძაფებში გააბა მცოცავმა სიბილწემ..

გავიხსენოთ ცნობილი ინგლისელი ანთროპოლოგი ედვარდ ტაილორი, რომელმაც ტოტემიზმს, როგორც უპირველეს რელიგიურ სისტემას, სწორედ ჩრდილოამერიკელი, დღევანდელი კანადის ტერიტორიაზე მოსახლე ალგონკინის ტომებში მიაკვლია. შემდგომში, ტოტემიზმი სისტემური კვლევის საგნად იქცა მსოფლიოში აღიარებული სოციოლოგებისა და ანთროპოლოგების მიერ. მაშ, რაღატომ შეიბილწა პირველწყარო? ან პირველ ერებს სამშობლო ფეხქვეშ რაღატომ გამოაცალეს? როგორც დაკარგული შვილი საკუთარ დედას, ასე დაეძებს სამშობლოს მაია კუზინო მოლენი.

 თავისი კულტურის შორეულ დანაშრევსაც ეძებს პოეტი: ტრადიციული დაირის (Teueikan) ხმაზე აღვიძებს წინაპრებს, აღვიძებს მათ ტრადიციულ მუსიკას, რომელსაც ლექსებში ინუს ენაზე (Inniun) მოიხსენიებს. ზოგჯერ ეს მუსიკალური მოტივი ბუნების ხატოვან სურათთან ჰარმონიულ ერთობას ქმნის:  მოატლასებული ლიქენების საწოლს მოგცემ, მარგალიტის მთვარეს და ცეცხლოვან დაირას. ერთ-ერთი ლექსის სათაურში, კარიბუს იქვე მშობლიური სახელწოდება Atiku შეუწყვილა, რადგან აბორიგენ პოეტს დასაღუპად არ ემეტება ჩრდილოეთის ეს ირემი, რომელშიც საკუთარი ეთნოსის მთელი ტოტემური ძალაა თითქოს გაერთიანებული: რაღა რჩება ინუსგან ჩემში, ჩემმა თვალებმა კარიბუს სიკვდილი იხილეს..

ტკივილიან სიმძაფრესთან ერთად, ძალზედ ფაქიზია მაიას პოეტური მზერა. იგი ხომ ჩრდილოური მხარის პაწაწინა ბაბუაწვერაა, გაფანტული, მაგრამ ნაფერები. მშობლიურთან რაოდენი მოწიწება იგრძნობა თუნდაც ამ პოეტურ სტროფში, სადაც მაია ჰოშელაგას (ჰიროკეზის ტომის დასახლება დღევანდელი მონრეალის შორიახლოს) მიწას მიმართავს: ჰოი, ჰოშელაგა, გაღვიძებული სულების მიწავ, სადაც ჩვენი მოკასინები შენს გულს ოდნავ შეხებია.  პოეტი საკუთარ ხმას წინაპართა ხმას ურთავს; როგორც შეუძლია, ისე აცოცხლებს ინუს ტრადიციასა და კულტურას, ეძებს გადარჩენის გზას, ყოველმხრივ ცდილობს, რომ მისი ცრემლითა და სისხლით ნაწერი პოეზია, შთამომავლობისთვის მხოლოდ ლამაზ ეპიტაფიად არ დარჩეს.

 

                                                                                                                        მერაბ მიქელაძე