მზია გომელაური, ფრანგული ენის პედაგოგი და მთარგმნელია. მას დამთავრებული აქვს თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ისტიტუტი და თარჯიმანთა და მთარგმნელთა უმაღლესი სკოლა. როგორც ფრანგული ენის პედაგოგს, გავლილი აქვს მრავალი სტაჟირება: სევრის პედაგოგიური მეცნიერების საერთაშორისო ცენტრში, მონპელიეს პოლ ვალერის უნივერსიტეტში, ნიცაში პრევერის ინსტიტუტში და სხვ. ამჟამად მზია გომელაური ფრანგულ ენას ასწავლის ილიას უნივერსიტეტში და თავისუფალ უნივერსიტეტში, არის ფრანგული ენის ცოდნის დიპლომის მისაღები საერთაშორისო გამოცდების გამომცდელი და გამსწორებელი. მზია გომელაური 2006 წლიდან ეწევა მთარგმნელობით მოღვაწეობას. მას ფრანგული ენიდან თარგმნილი აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის რომენ გარის რომანი „დაპირება განთიადისას“ და „მშვიდობით გარი კუპერ“; ჟოელ დიკერის „სიმართლე ჰარი კებერის საქმის შესახებ“, ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ და სხვ.