გიორგი ეკიზაშვილი პოეტი, მთარგმნელი და ლიტერატურის სპეციალისტია. იგი დაიბადა ბათუმში. ზღვის სიახლოვეს გატარებულმა ბავშვობამ შეაყვარა უკიდეგანო სივრცე. ზღვამ ასწავლა, რომ სამყარო ბათუმით არ იწყება და არ მთავრდება, რომ სადღაც, ზღვის იქით არიან სხვა ქვეყნები, სხვა ქალაქები, სხვა ხეები, სხვა ფრინველები და… სხვა ადამიანებიც. მუდამ ახლის ხიბლის, ახალი გაოცების ინტერესი და აღფრთოვანების უნარი მას დღემდე მოჰყვება. გიორგი ეკიზაშვილს გამოცემული აქვს ლექსების სამი კრებული და ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების ოცდაათზე მეტი თარგმანი. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მას მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრემია და ჯილდო: ღირსების ორდენი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, საბა საუკეთესო თარგმანისთვის, თუმანიშვილის პრემია საუკეთესო თარგმანისთვის და სხვ. საფრანგეთის მთავრობამ ფრანგული კულტურის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მას მიანიჭა აკადემიური პალმის ტროს ორდენის კომანდორის წოდება. დღეს გიორგი ეკიზაშვილი თბილისში ცხოვრობს, ასწავლის ფრანგულ ლიტერატურას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აგრძელებს ლექსების წერას და ფრანგული ლიტერატურული ნაწარმოებების თარგმნას.